პროკურატურამ ხუთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

მთავარმა პროკურატურამ ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით, ხუთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით საქართველოს პროკურატურამ 5 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის 26 დეკემბერს, გელა ღურწკაიამ, ქ.თბილისში, გუდაურის ქუჩა N7-ში მდებარე შპს „მედიაჰოლდინგი ქრონიკა+“-ის ოფისში, ამავე ორგანიზაციის დირექტორს, ელისო კილაძეს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელების მიზნით, წარუდგინა სხვისი პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი უკანონო ვიდეოჩანაწერი. 2016 წლის 3 თებერვალს მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გელა ღურწკაია, რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მეხსიერების ბარათი, სადაც ჩაწერილი იყო სხვისი პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი ვიდეოჩანაწერები.
პროკურატურამ ჩატარებული გამოძიებით დაადგინა გელა ღურწკაიას მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერების წარმომავლობა და დანაშაულში ჩართული იმ პირთა წრე, რომლებიც მონაწილეობდნენ ხსენებული ვიდეოჩანაწერების მოპოვებასა და გავრცელებაში. კერძოდ, 2015 წლის დეკემბერში, შს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ნიკოლოზ ხაჭაპურიძე დაუკავშირდა გელა ღურწკაიას, რომელსაც ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ შესთავაზა ერთ-ერთი ფარული ჩანაწერის მედიაჰოლდინგ „ქრონიკა+“-ის დირექტორისათვის – ელისო კილაძისათვის გასაღება. თავის მხრივ, ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს ხსენებული ჩანაწერები გადასცა მისმა მეგობარმა ინგა ჩატოიანმა, რომელმაც ვიდეოები, თავის მხრივ 2015 წლის ზაფხულში, მათი რეალიზაციის მიზნით, ადვოკატ ირაკლი ფხალაძისგან მოიპოვა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2014 წელს, ადვოკატმა ირაკლი ფხალაძემ ხსენებული პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები გამოართვა ზურაბ ჯამალაშვილს და გადაწყვიტა ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ მათი გავრცელება. ადვოკატ ირაკლი ფხალაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 2016 წლის 13 მარტს ამოღებული იქნა ბრალდებულის პერსონალური კომპიუტერი, სადაც ინახებოდა ხსენებული და სხვა ვიდეოჩანაწერები, რომლებიც, როგორც დგინდება, შექმნილია 2012 წლის ივნისამდე პერიოდში.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ზურაბ ჯამალაშვილს, რომელმაც ადვოკატ ირაკლი ფხალაძეს მიაწოდა ხსენებული ვიდეოჩანაწერები, ჰყავს შვილი, ვასილ ჯამალაშვილი, რომელიც 2012 წლის 18 ივლისიდან – 2012 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდში მუშაობდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მეოთხე სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.
ამ ეტაპზე მოცემულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია: გელა ღურწკაიას, ნიკოლოზ ხაჭაპურიძის, ინგა ჩატოიანის, ირაკლი ფხალაძის მიმართ, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთ წლამდე ვადით. 2016 წლის 14 მარტს, ბრალდებულად დაკავებულ იქნა ზურაბ ჯამალაშვილი, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის I ნაწილით.
ამავდროულად, პარალელურ რეჟიმში, მთავარი პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას მიმდინარე წლის 11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი ვიდეო მასალების გამავრცელებელი პირების დადგენა-დაკავების მიზნით. ხსენებულ საქმეზე შექმნილია სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მონაწილეობით.
გამოძიების დაწყებისთანავე, უწყვეტ რეჟიმში ჩატარდა და მიმდინარეობს აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ პროკურატურის შუამდგომლობების საფუძველზე, გაცემულ იქნა სასამართლოს განჩინებები, რომლის თანახმად სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თხოვნა გაეგზავნა აშშ-ს კომპეტენტურ ორგანოებს, youtube-ს, facebook-ს და google-ს სერვერებიდან – IP მისამართების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით, რათა დადგინდეს ის ქვეყანა, საიდანაც განხორციელდა ვიდეომასალის განთავსება ინტერნეტში და მოხდეს ხსენებულ დანაშაულთან კავშირში მყოფი ინტერნეტ-მოხმარებელის იდენტიფიცირება. საქართველოს მხარის მიერ შუამდგომლობით მოთხოვნილი სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა ასევე მოიცავს იმის დადგენასაც, თუ კონკრეტულად ვინ შექმნა facebook-ის გვერდი პოლიტიკოსის სახელით, საიდანაც ჟურნალისტებთან და სხვა პირებთან დაიგზავნა ვებგვერდის ლინკი, სადაც განთავსებული იყო ვიდეომასალა.
გამოძიების მსვლელობისას, საქართველოს პროკურატურამ მიმართა youtube-ის ცენტრალურ ოფისს ვიდეომასალასთან დაკავშირებული ინფორმაციის ფიქსაციის მოთხოვნით, ვინაიდან ვებგვერდის მიერ გარკვეული დროის შემდეგ ავტომატურ რეჟიმში არ წაშლილიყო IP მისამართების შესახებ ინფორმაცია.
აქვე აღსანიშნავია, რომ პროკურატურის და სამართალდამცავი უწყებების მიერ, შესაბამისი ვებგვერდის ადმინისტრაციასთან დაუყონებლივ იქნა გაგზავნილი პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი ვიდეომასალის ბლოკირების და საიტიდან მოხსნის მოთხოვნა, რაც დაკმაყოფილდა.
ასევე, საქართველოს პროკურატურის მიერ ვიდეომასალის გამავრცელებლის დადგენის და ამ საქმეზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, თბილისში, ჩატარდა 6 საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, 5 სხვადასხვა ობიექტიდან გამოთხოვილ იქნა გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, მოცემულ დრომდე უწყვეტად მიმდინარეობს მოპოვებული ვიდეო-აუდიო მასალის შესწავლა. ამოღებულ კომპიუტერულ ტექნიკაზე დანიშნულ იქნა კომპლექსური ექსპერტიზები, გამოკითხულ იქნა 10 პიროვნება, ამასთან გამოკითხულ იქნენ ის ჟურნალისტები, ვისაც პირადი facebook-ის გვერდზე დაეგზავნათ გავრცელებული კადრების შესახებ ინფორმაცია, მოწმეების მონაწილეობით დათვალიერდა აღნიშნულის ამსახველი ელექტრონული მიმოწერა.
საქართველოს პროკურატურა სამი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კომპლექსურ რეჟიმში განაგრძობს ინტენსიურ გამოძიებას ადამიანის პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების სრულად გამოსაძიებლად და ამ დანაშაულთან კავშირში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, რა მიზნითაც აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ასევე საქართველოს პროკურატურამ სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში მიმართა უცხო ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებს სამართლებრივი დახმარების თხოვნით”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები