თსუ-ს საბჭოს წევრი: პაპავას შეეძლო დაპირისპირების თავიდან აცილება და ვითარების ნორმალიზება, რაც არ გააკეთა

სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი და წარმომადგენლობითი საბჭოს ერთ-ერთი წევრი პაატა ბახტურიძე მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე სრული პასუხისმგებლობა უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ უნდა აიღოს.
მისივე განმარტებით, ის ვითარება, რაც თსუ-ს უნივერსიტეტშია, ყოველგვარ საზღვრებს სცილდება და გადის სამართლებრივი ჩარჩოებიდან. ბახტურიძე მიიჩნევს, რომ უმჯობესია, თუ გაიმართება საბჭოს სხდომა, სადაც კანცლერის კანდიდატის, გიორგი გაფრინდაშვილის მოწინააღმდეგეები გამოცხადდებიან და მათ აზრს ღიად, ყოველგვარი შეხლა-შემოხლის გარეშე დააფიქსირებენ.
„თსუ-ში არსებული ვითარება ისედაც ძალიან დაძაბულია. ვფიქრობ, ამ პროცესებთან დაკავშირებით მთლიანი პასუხისმგებლობა თსუ-ს რექტორზე, ვლადიმერ პაპავაზეა. რაც შეეხება პაპავას გადადგომას, ეს სამსჯელო საკითხია. არ შემილია იმის თქმა, თუ რომელი უფრო მისაღებია, მისი გადადგომა თუ დარჩენა, მაგრამ მას შეეძლო დაპირისპირების თავიდან აცილება და ვითარების ნორმალიზება, რაც არ გააკეთა. პრობლემა ის არის, რომ კანცლერის პოზიციაზე პაპავას მისი კანდიდატის – არჩვაძის გაყვანა სურდა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. საპროტესტო საუბრისას აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ეს აქციები სცდება სამართლებრივ ნორმებს. მორალური კუთხით კი უნივერსიტეტში ასე მოქცევა უბრალოდ სამარცხვინოა, იმიტომ რომ თუ ადამიანები საუბრობენ მათ უფლებებზე, მათ ისიც უნდა ახსოვდეთ, რომ მათი უფლებები მთავრდება იქ, სადაც სხვისი უფლებები ირღვევა.
გუშინ, როდესაც არჩევნები უნდა გამართულიყო, მე და საბჭოს სხვა წევრებს არ მოგვეცა იმის შესაძლებლობა, რომ შევსულიყავით და ჩვენი ხმა დაგვეფიქსირებინა. არადა, ეს იყო უფლება, რომელიც მომანიჭა კონსტიტუციამ და უნივერსიტეტის წესდებამაც. იქ იყო სიტყვიერი დაპირისპირება და ფიზიკური შეხლა-შემოხლაც, ეს იყო არასამართლებრივი პროცესები და მიანმიმართული მცდელობა იმისა, რომ შეექმნათ არეულობა“,-განაცხადა ბახტურიძემ.
შეკითხვაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს არსებული ვითარების დარეგულირება, ბახტურიძე აცხადებს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გზა ის არის, თუ პაპავა პროცესების მართვას საკუთარ თავზე აიღებს.
„ამასთან, მე ვფიქრობ, რომ სენატში აუცილებლად უნდა ჩატარდეს კიდევ ერთი შეხვედრა, ის ადამიანები, ვინც აპროტესტებენ გაფრინდაშვილის კანდიდატურას, უნდა მივიდნენ შეხვედრაზე და დასვან ის შეკითხვები, რომლებიც მათ გააჩნიათ“,-განაცხადა ბახტურიძემ.
შეგახსენებთ, დღეს თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ განაცხადა, რომ პოსტის დატოვებას არ გეგმავს, რადგან მისი გადადგომით შესაძლებელია,უნივერსიტეტში არსებული ვითარება კიდევ უფრო გამწვავდეს, მას კი უნივერსიტეტის წინაშე პასუხისმგებლობა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები