კახა კალაძე: თუ კოალიცია სამომავლოდ დაიშლება, ამაში ტრაგიკული არაფერი არ არის
თუ კოალიცია სამომავლოდ დაიშლება, ამაში ტრაგიკული არაფერი არ არის, პირიქით, მე ვფიქრობ, ეს არის ნორმალური პროცესი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კალა ხალაძემ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, სამომავლოდ პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილავენ, თუ როგორ ფორმატში წარსდგება კოალიცია არჩევნებზე. მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას პრემიერის ხელმძღვანელობით თითოეულ პარტიასთან შეთანხმებით მიიღებენ.
„გუშინ პოლიტსაბჭოს სხდომაზე იყო განხილული სხვადასხვა საკანონმდებლო ინციატივები. სამომავლოდ კოალიციაში იქნება საუბარი, თუ როგორ ფორმატში წარსდგება საარჩევნოდ კოალიცია – იგივე შემადგენლობით, დაემატება ვინმე თუ გავა ვინმე კოალიციიდან. იქნება მსჯელობა თითოეულ პარტიასთან, მის წარმომადგენლებთან და პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ერთობლივად იქნება მიღებული გადაწყვეტილება. მე თავიდანვე, 2012 წლიდან ვამბობდი, რომ კოალიცია იყო ერთი მიზნით შექმნილი ბიძინა ივანიშვილის მიერ და მთავარი ამოცანა იყო სააკაშვილის ხელისუფლების ჩანაცვლება არჩევნების გზით, რაც ჩვენ მოვახერხეთ. კოალიციაში გაწევრიანებულია სხვადასხვა მსოფლმხედველობის პარტიები, მაშინ 2012 წელს განსხვავებული რეალობა გვქონდა, განსხვავებული სიტუაცია იყო საქართველოში, დღეს გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული მდგომარეობა. ამიტომ ის, რომ შესაძლებელია კოალიცია დაიშალოს სამომავლოდ, ამაში ტრაგიკული არაფერი არ არის, პირიქით, მე ვფიქრობ, ეს არის ნორმალური პროცესი. თუ ეს ასე მოხდება, საგანგაშო არ არის და თუ ერთად წარვსდგებით ისევ, არაფერი პრობლემა არ არის. ჩემი დიდი სურვილია, თუ კოალიციურ რეჟიმში წარვსდგებით“, – განაცხადა კალაძემ.