საქართველოსა და იაპონიას შორის შეთანხმებები გაფორმდა

2016 წლის 7 მარტს, საქართველოსა და იაპონიის მთავრობებს შორის ნოტების გაცვლის გზით ხელი მოეწერა შეთანხმებას აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტთან (II) დაკავშირებით.
საქართველოს მხრიდან, შეთანხმებას ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ხოლო იაპონიის მხრიდან – საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტოშიო კაიტანმა. შეთანხმება ითვალისწინებს 4.41 მილიარდი იაპონური იენის ოდენობის დამატებითი დაფინანსების (დაახლოებით 38.5 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფას, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტს (II) მოხმარდება. პარალელურად, სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა (JICA) და საქართველოს შორის, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს უზბეკეთის ოფისის ხელმძღვანელი კაცუტოში ფუშიმი.
გაფორმებელი დოკუმენტები ითვალისწინებს იაპონიის მთავრობის მიერ, JICA-ს მეშვეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას. პროექტის ფარგლებში ქუთაისის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულდა, ხოლო ქუთაისის ახალი შემოვლითი-სამტრედიის გზაზე და ზესტაფონი-ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
საყურადღებოა, რომ პროექტის დასაფინანსებლად შესაბამისი ხელშეკრულებები 2009 წელს გაფორმდა, რომელთა ფარგლებშიც საქართველოს გამოეყო 17.722 მილიარდი იაპონური იენი გრძელვადიანი შეღავათიანი სესხის სახით.
იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გაწეული ამგვარი დახმარება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან მან ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს გადაქცევას რეგიონის სავაჭრო, სატრანზიტო, ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ცენტრად. „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი“ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და სტაბილურობას, რაც გულისხმობს საქართველოს სწრაფ განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები