მედიის ცნობით, სტივ უიტკოფი დოჰაში ღაზას საკითხზე მოსალაპარაკებლად გაემგზავრება

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი მიმდინარე კვირაში დოჰაში გაემგზავრება, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლივიტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ვიზიტის მიზანი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მიღწევისთვის ხელის შეწყობაა.

„ეგვიპტე და კატარი, მოლაპარაკებების განმავლობაში, მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ და ახლაც, მთავარი პარტნიორები არიან, სწორედ ამიტომ, სტივ უიტკოფი დოჰაში გამგზავრებას აპირებს. ვიზიტი კვირის განმავლობაში შედგება“, – აღნიშნავს თეთრი სახლის პრესმდივანი.

მისივე თქმით, ისრაელის მიერ მხარდაჭერილი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს და ლივიტი „ჰამასს“ მოუწოდებს, იგივე ნაბიჯი გადადგას.

ცნობისთვის, „ჰამასმა“ გასულ კვირაში განაცხადა, რომ დადებითად უპასუხა წინადადებას და წარადგინა სამი დათქმა, რომლებზეც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უარს ამბობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები