„ქრისტიანებისა და მუსულმანების საყოფაცხოვრებო დაპირისპირების გადატანას მავანი პოლიტიკურ ჭრილში ცდილობს“
ადიგენში ქრისტიანებისა და მუსულმანების დაპირისპირების ფაქტს ექსპერტი მამუკა არეშიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა. მისი თქმით, სასაფლაოს პრობლემა ადიგენის მუსულმან მოსახლეობას ათეულობით წელია აქვს. ამიტომაც იქაური მუსულმანები ან გვერდით სოფელში ასაფლავებდნენ მიცვალებულებს, სადაც მუსულმანი მოსახლეობა ცხოვრობს, ან აჭარაში მიჰყავდათ.
არეშიძის განმარტებით, დაკრძალვის წესიდან და რიტუალის განსხვავებულობიდან გამომდინარე, გასაკვირი და განსაკუთრებული არაფერია, რომ მათ სურთ, ცალკე სასაფლაო ჰქონდეთ.
რაც შეეხება დაპირისპირებას, ექსპერტის თქმით, მსგავსი დაპირისპირებით დაინტერესებული ძალები მრავლად არიან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ამიტომაც, ექსპერტის განმარტებით, საქართველოს მასშტაბით ქრისტიანების და მუსულმანების დაპირისპირებას თუ აქვს ხოლმე საყოფაცხოვრებო მიზეზი, მავანი ცდილობს, რომ პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს.
„ადიგენში ამ პრობლემის მიზეზი რეალურად არსებობდა. სასაფლაო სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებისთვის სხვადასხვა უნდა იყოს. მთელ ამ პროცედურას და დამარხვის წესს თავისი რიტუალი აქვს. ამის თაობაზე სოფელში დიდი ხნის მანძილზე იყო დავა. რელიგიის სააგენტოს და ადგილობრივ ხელისუფლებას შეეძლო ეს საკითხი ბევრად მარტივად და მალე მოეგვარებინა. რელიგიის სააგენტოს აქვს პრობლემის შესწავლის, ანალიზის და რეკომენდაციების უფლება.
როდესაც პრობლემა გაჩნდა, ვიღაცამ ამ პრობლემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება მოინდომა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ასეთი დაინტერესებული ძალები არსებობენ, ამის დამადასტურებელია თუნდაც ის, რომ უამრავმა ანგაჟირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოიყარა იქ თავი და უამრავ უცხოურ მედიაში გაშუქდა. დღეს გაკეთდა ის, რაც წლების წინ უნდა გაკეთებულიყო. გაიყო სასაფლაოები. ამის გაკეთება არც აქამდე უნდა ყოფილიყო რთული. პრობლემა სიტყვიერად გადაწყდა, ვნახოთ, ფიზიკურად რამდენად გადაწყდება პრობლემა.
საქართველოს მასშტაბით ქრისტიანების და მუსულმანების დაპირისპირებას თუ აქვს ხოლმე საყოფაცხოვრებო მიზეზი, მავანი ცდილობს, რომ პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.