პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად კობა გვენეტაძე დაამტკიცა

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კობა გვენეტაძე დაამტკიცა. გვენეტაძის კანდიდატურას პლენარულ მხარი 81 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი არ წასულა.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, გიორგი ქადაგიძის უფლებამოვალეობის ვადის ამოწურვის შედეგად წარმოშობილ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად, კობა გვენეტაძის კანდიდატურა 11 თებერვალს დაასახელა, რასაც წინ კანდიდატის რამდენიმეთვიანი შერჩევის პროცესი უძღოდა.
საქართველოს პრეზიდენტმა კობა გვენეტაძის კანდიდატურა ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შერჩეული და შეფასებული რამდენიმე კანდიდატიდან დაასახელა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კობა გვენეტაძის კანდიდატურა  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა წარადგინა.
კობა გვენეტაძეს მიღებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ამერიკის უნივერსიტეტში, ვაშინგტონში, ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიის ფარგლებში 1998-2000 წლებში.
1989-1994 წლებში მან მოიპოვა ეკონომისტის კვალიფიკაცია, სპეციალობით ფინანსები და კრედიტი – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები