ლეონიდ ჩერნოვეცკი პარტიული სიის ფორმირებას იწყებს

პარტია „ბედნიერი საქართველოს“ ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი პარტიული სიის ფორმირებას, კერძოდ, პირველი 25 ადამიანის შერჩევას იწყებს.
ლეონიდ ჩერნოვეცკის თქმით, მისი სურვილია პარტია ღირსეული ადამიანებით დაკომპლექტდეს. პარტიაში გაწევრიანების მსურველებმა საქართველოში სხვადასხვა სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის საკუთარი ხედვა უნდა წარადგინონ.
“აბსოლუტურად, ღიად და საჯაროდ ვიწყებ პოლიტიკური მოძრაობის “ბედნიერი საქართველოსთვის“ პარტიული სიის ფორმირებას, კერძოდ, პირველი 25 ადამიანის შერჩევას. გულწრფელად მინდა პარლამენტში ღირსეული და პატრიოტი ხალხი მოვიყვანო, რომლებიც პოლიტიკურ ცხოვრებაში არასდროს ყოფილან ჩართულნი და რომლებსაც ნათელი გონება და პატიოსნება ახასიათებთ. ისინი, ვინც ქმნიან სამუშაო ადგილებს და ზრუნავენ ხალხზე. ადამიანები, რომლებიც უბრალო ცხოვრებით ცხოვრობენ და ისეთივე პრობლემები აქვთ, როგორიც ქართველი ხალხის უმრავლესობას!
მათ შორის მე მსურს, დავინახო:
1. წარჩინებული კურსდამთავრებულები.
2. რეგიონების პატივცემული წარმომადგენლები, რომლებსაც თავიანთ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების დაცვის გამოცდილება აქვთ.
3. პატიოსანი მეწარმეები, გარდა ისეთებისა, რომლებიც სხვადასხვა მთავრობის მფარველობის ქვეშ იყვნენ და ფაქტობრივად ძარცვავდნენ ხალხს ბიზნესის სახელით.
4. მრავალშვილიანი მშობლები, რომლებსაც აქტიური სამოქალაქო პოზიცია აქვთ.
5. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები.
6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლები.
7. მოქალაქეები, რომლებიც საბანკო სექტორის თვითნებობით დაზარალდნენ.
8. საქართველოს სამხედრო და სხვა ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი წარმომადგენლები.
ეს ადამიანები გაივლიან ჩემთან გასაუბრებას მომავალ პარლამენტში მუშაობასთან დაკავშირებით. მათ უნდა დაწერონ საქართველოში არსებული პრობლემების გადაჭრის საკუთარი ხედვა. საკანონმდებლო ინიციატივების დასაწერად კი საქართველოს საუკეთესო იურისტებისგან დაკომპლექტებულ სამუშაო ჯგუფს შევქმნი.
ჩემთან ერთად პარლამენტში მივიწვევ ასევე იმათ, ვინც წინასაარჩევნო პროცესში საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ ნამდვილ პატრიოტიზმს გამოიჩენს და ჩემსავით ევროინტეგრაციის, ქვეყნის გამთლიანებისა და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების მომხრე იქნება. ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. იმ შემთხვევაში, თუ რამე გამომრჩა, თქვენს რჩევას აუცილებლად გავითვალისწინებ! არ დატოვოთ უყურადღებოდ ეს საკითხი, რადგან ხვალ ეს გუნდი ახალი საქართველოს შენებას დაიწყებს – უბრალო მოქალაქეებისათვის ცხოვრების გასაუმჯობესებლად.
პირველად საქართველოს ისტორიაში მე ვაპირებ პარლამენტში მოვიყვანო არა ვითომ პოლიტიკოსები, არამედ საქართველოს უბრალო პატიოსანი მოქალაქეეები, რომლებსაც აქტიური სამოქალაქო პოზიცია გააჩნიათ!
მოუთმენლად ველი თქვენს რჩევებს და გაძლევთ იმის გარანტიას, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ ჩვენი პარტიის საიტი და ჩემი პერსონალური გვერდი მუდამ ხელმისაწვდომი იქნება თქვენთვის, რომ ნებისმიერი კითხვაზე იპოვოთ კომპეტენტური და მკაფიო პასუხები!
ყველას, ვისაც სურს ჩემს გუნდში ყოფნა პარლამენტში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის საკუთარი ხედვა ამ ელექტრონულ ფოსტაზე: listhappypeople@gmail.com“, – აცხადებს ჩერნოვეცკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები