სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო განცხადებას ავრცელებს

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო სოფელ ადიგენში მომხდარი ფაქტის გამო შეშფოთებულია და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მუსლიმური რელიგიის მიხედვით მუსულმანი მიცვალებულის სხვა აღმსარებლობის სასაფლაოზე დაკრძალვა არ შეიძლება. სოფელ ადიგენში მცხოვრებ მუსულმანებს არ ჰქონდათ შესაბამისი ტერიტორია, სადაც შეძლებდნენ მიცვალებულის დასაფლავებას, მიცვალებული გადაჰყავდათ სხვა რაიონსა და სოფლებში. მათივე ინფორმაციით, ბოლო წლებში ხელოვნურად ხდება მუსულმანებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების ინსპირირება. ადიგენში მომხდარი ფაქტიც ხელოვნურად არის ინსპირირებული.
“აღნიშნულიდან გამომდინარე, მუსლიმთა სამმართველომ, სოფ. ადიგენის მუსლიმი მრევლის მოთხოვნის საფუძველზე, არსებული სასაფლაოს გვერდით მიწის გამოყოფის თაობაზე მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს. რელიგიის სააგენტოსთან არსებული ქონებრივი და ფინანსური საკითხების კომისიამ გასცა რეკომენდაცია მუსლიმებისათვის სასაფლაოს ტერიტორიის გამოყოფის თაობაზე. კომისიის წევრები არიან მუსლიმთა სამმართველოს, საპატრიარქოს და სხვა კონფესიების წარმომადგენლები. საუკუნეების მანძილზე საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანები მშვიდობიანად, მეგობრულად და ერთმანეთის მიმართ შემწყნარებლულად თანაცხოვრობდნენ. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ხელოვნურად ხდება მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების ინსპირირება. ვფიქრობთ, რომ ადიგენში მომხდარი ფაქტიც არის ხელოვნურად ინსპირირებული. როგორც ჩვენთვის ცნობილია, დაწყებულია გამოძიება და, აქედან გამომდინარე, მივმართავთ სამართალდამცავ უწყებებს, რათა დროულად და ობიექტურად მოხდეს ფაქტის გამოძიება და დაისაჯონ დამნაშავეები. მოვუწოდებთ მოსახლეობას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და დაელოდონ გამოძიების დასრულებას”,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები