სტუდენტებისთვის ანა დოლიძის საჯარო ლექცია ჩატარდა

„ლიდერებად არ იბადებიან, ლიდერები ხდებიან”, – ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ საჯარო ლექცია – „გასაუბრების სტრატეგია მომავალი ლიდერებისათვის”.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში შეკრებილ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს ანა დოლიძე საჯარო სექტორში ლიდერის პოზიციაზე დასაქმებისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებზე ესაუბრა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანა დოლიძემ ახალგაზრდებს პირადი პრაქტიკის მაგალითებიც მოუყვანა და აღნიშნა, რომ გასაუბრებისას ლიდერისთვის საჭირო თვისებების წარმოჩენასთან ერთად აუცილებელია სწორი თვალის კონტაქტი და პოზიციისთვის შესაბამისი მზადყოფნა. მისი თქმით, ლიდერობა დამოკიდებული უნდა იყოს არა ხისტ, არამედ რბილ ძალასა და დარწმუნების უნარზე.
საჯარო ლექციის მნიშვნელობა ანა დოლიძემ სტუდენტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ შეაჯამა.
„განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნისთვის, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები ახალია და არ არის ძალიან ძლიერი – ანუ ახლა ყალიბდება და ვითარდება, ლიდერის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამიტომ, საჭიროა საზოგადოებასთან საუბარი იმაზე, თუ რა არის ლიდერობა, რა თვისებები უნდა ახასიათებდეს ლიდერს და იმ შესაძლებლობების შექმნა, რომ ბევრ ახალგაზრდას გამოუვლინდეს მომავალი ლიდერობის პოტენციალი. რაც მეტი ლიდერი იქნება საქართველოში, მით უფრო მშვიდად შეგვიძლია ვიყოთ ამ ქვეყნის ბედთან დაკავშირებით,“ – აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები