გამგებლის ინფორმაციით, ადიგენში ინციდენტი ამოწურულია

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე აცხადებს, რომ სოფელ ადიგენში მართლმადიდებელ ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის დაპირისპირება ამოწურულია და ამ დროისთვის სოფელში მშვიდი ვითარებაა.
როგორც ენდელაძემ “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, ქრისტიანები და მუსულმანები შეთანხმდნენ, რომ სოფელში უკვე არსებული სასაფლაოს ტერიტორია გაფართოვდება და გარდაცვლილის დაკრძალვა მუსულმანებსაც ამავე ტერიტორიაზე შეეძლებათ. მისი თქმით, საკითხის მოგვარებაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ჩარევის საჭიროება არ დგას.
“სოფელში მშვიდი ვითარებაა, ინციდენტი ამოწურულია, როგორც ჩანს, გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და ხმაურიც ამან გამოიწვია, შეთანხმება მიღწეულია, სავარაუდოდ, უკვე არსებული სასაფლაო გაფართოვდება და გარდაცვლილის დაკრძალვა ორივე აღმსარებლობის ადამიანს შეეძლება“,-განუცხადა “კვირას“ ადიგენის გამგებელმა.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ადიგენში მუსულმანები და ქრისტიანები ერთმანეთს გუშინ დაუპირისპირდნენ. ქრისტიანებმა რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს რეკომენდაცია გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც ადიგენის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მუსულმანებს სოფელში სასაფლაოსთვის ადგილი უნდა გამოუყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები