რას ყვება მალაიზიაში ნარკოტრეფიკისთვის გასამართლებული ბაბუცა გორდაძე

მალაიზიაში ნარკოტრეფიკისთვის გასამართლებული და საქართველოში დაბრუნებული ბაბუცა გორდაძე მომხდარის დეტალებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში იხსენებს.
გორდაძე მის მალაიზიაში დაკავებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მის ჩანთაში ნარკოტიკების აღმოჩენა მისთვისაც მოულოდნელი ფაქტი იყო.
„ჩანთა, რომელზეც ჩემი სახელი და გვარი იყო, სამართალდამცავებმა მომიტანეს და მითხრეს რომ გამეხსნა. როცა გავხსენი, იქ იდო სურათები, რომლებშიც ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს. მე თვითონ გაოცებული დავრჩი, რადგან არ ვიცოდი ეს ნარკოტიკული ნივთიერება საიდან და როგორ აღმოჩნდა ჩემს ჩანთაში. სამართალდამცავებმა მითხრეს, რომ ჩემი სასჯელი იყო სიკვდილით დასჯა,“ – აცხადებს ბაბუცა გორდაძე.

მისი მტკიცებით, საქმეში კიდევ ერთი ქართველი ქალბატონი ფიგურირებდა, რომელსაც ის პირადად არ იცნობს, თუმცა საქმის მთავარ ფიგურად სწორედ მას ასახელებს. გორდაძის მტკიცებით, სწორედ ამ ქალბატონის საქმიანობას შეეწირა. მისივე თქმით, ის ქალბატონი ახლა გაქცეულია.
გორდაძე ამბობს, რომ მასთან ერთად დაკავებულ დარეჯან კოხტაშვილზე კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს.

„დარეჯან კოხტაშვილზე არაფერი ვიცი. როდესაც დამაკავეს, სამართალდამცავებმა მითხრეს, რომ მალაიზიის ერთ-ერთ ქალაქში იყო დაკავებული ქართველი მანდილოსანი, მაგრამ სახელი ნამდვილად არ ვიცოდი. სურათით მივხვდი, რომ ეს დარეჯან კოხტაშვილი იყო. როცა დამაკავეს მითხრეს, რომ იყო კიდევ ერთი მანდილოსანი, რომელიც ახლა გაქცეულია. ერთი რაც მე ვიცი, არის ის, რომ იმ მანდილოსნის მსხვერპლი აღმოვჩნდი“, – აცხადებს ბაბუცა გორდაძე.
გორდაძე ასევე ამბობს, რომ მეუღლეს ჯერ არ შეხვედრია და მისი პოზიცია არ მოუსმენია. აღსანიშნავია, რომ ბაბუცა გორდაძის მეუღლემ დანაშაული საკუთარ თავზე აიღო და ამჟამად, სასჯელს თბილისში იხდის.

შეგახსენებთ, რომ მალაიზიაში დიდი ოდენობით ნარკოტიკები უკანონოდ გადატანის ბრალდებით ბაბუცა გორდაძე 6 წლის წინ დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები