„კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის“ საგამოძიებო სამსახურისა და შსს აკადემიის ერთობლივი ტრენინგი გაიმართა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის – „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში, „კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის“ საგამოძიებო სამსახურისა და შსს აკადემიის ერთობლივი ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგს ესწრებოდნენ: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის, აგრეთვე თბილისის პროკურატურისა და რუსთავის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლები – სულ 36 მონაწილე.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგის დროს სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად განიხილეს მსოფლიო მასშტაბით კიბერდანაშაულთან მიმართებაში სიტუაცია და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა კიბერდანაშაულის გამოძიების დროს.
აღნიშნული საკითხები გამყარდა შესაბამისი პრაქტიკული მაგალითებით. საქართველოს შსს აკადემიისა და პროკურატურის წარმომადგენლების მიერ ტრენინგზე აგრეთვე წარმოდგენილი იქნა საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის აღწერილობა კიბერდანაშაულთან მიმართებაში და კიბერდანაშაულის დროს წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნის გამოწვევები და სირთულეები. უწყების ცნობით, ტრენინგს უძვებოდა ფინელი ექსპერტი, ფინეთის ეროვნული საგამოძიებო ბიუროს კიბერდანაშაულის ცენტრის ხელმძღვანელი, ბ-ნი ტიმო პიიროინენი. ტრენინგის ბოლოს ჩატარებული ტესტის საფუძველზე მონაწილეებს გადაეცათ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.