“თი-ბი-სი” ბანკმა “თი-ბი-სი” კაპიტალის მმართველი დირექტორები დაასახელა

“თი-ბი-სი” ბანკმა “თი-ბი-სი” კაპიტალის მმართველ დირექტორებად ლევან შანიძე და ავთანდილ გიგინეიშვილი დაასახელა. შანიძე და გიგინეიშვილი ერთად გაუძღვებიან ბანკის საინვესტიციო მიმართულებას, რომელიც ბაზარს კორპორატიულ კონსულტაციებს, კვლევებსა და საბროკერო მომსახურებას სთავაზობს საქართველოში.
“თი-ბი-სი” ბანკის ინფორმაციით, ლევან შანიძე და ავთანდილ გიგინეიშვილი გამოცდილი პროფესიონალები არიან; თითოეულ მათგანს ლონდონისა და ჰონგ-კონგის საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტებში მუშაობის ოცწლიანი გამოცდილება აქვს. ავთანდილ გიგინეიშვილი ლონდონში Jefferies International-ის მმართველი დირექტორი და აქტივების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი გახლდათ. თავდაპირველად, ის კომპანიაში იმ გუნდის წამყვანი წევრი იყო, რომელმაც შექმნა წარმატებული ბიზნესი, რომელიც მართავდა ევროპისა და აშშ-ის ინსტიტუციური და საცალო სეგმენტის კლიენტების 3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქტივებს.
მოგვიანებით იგი ამ გუნდის ლიდერი გახდა. დაახლოებით 20- წლიანი კარიერის მანძილზე მას მოუწია, ემუშავა რამდენიმე ბაზრისთვის ძალიან კრიტიკულ პერიოდში და ჩართული იყო ბიზნესის განვითარებისა და ოპერაციების ნულიდან დაწყების ყველა ასპექტში.
ავთანდილ გიგინეიშვილი Jefferies International-ში კვლევით ანალიტიკოსადაც მუშაობდა. მის ფუნქციებში საერთაშორისო კონვერტირებადი ობლიგაციების კვლევა და სხვადასხვა სავაჭრო გარიგებაზე იდეების გენერირება შედიოდა.
ავთანდილ გიგინეიშვილი ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს (MBA) ტულანის უნივერსიტეტიდან (ნიუ-ორლეანი, ლუიზიანა). ის, ასევე, არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებათა ბაკალავრი ელექტროინჟინერიაში. ვიდრე “თი-ბი-სი” კაპიტალის გუნდს შემოუერთდებოდა, ლევან შანიძე იყო ჰონგ-კონგში Silverhorn Investment Advisors-ის მმართველი დირექტორი და მართავდა წამყვან მაკროფონდს. მის კარიერაში აქტივების მართვას წინ უსწრებდა სხვადასხვა პოზიცია კაპიტალის ბაზრების სფეროში, ისეთ კომპანიებში, როგორიცაა Nomura, Lehman Brothers, JP Morgan და Jardine Flemings.
მისივე ფუნქციებში შედიოდა კერძო კაპიტალის დერივატივების ბიზნესის შექმნა, ინდოეთის კაპიტალის ბაზრებით ვაჭრობის ხელმძღვანელობა, კერძო კაპიტალით ვაჭრობა საერთაშორისო ბაზრებზე. ლევანი ფლობს საიმონის ბიზნესის ადმინისტრირების უმაღლესი სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს (MBA) ფინანსებისა და კორპორატიული აღრიცხვის მიმართულებით. ამასთანავე, ის არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა ბაკალავრი ბიოფიზიკაში.
“თი-ბი-სი” კაპიტალის მიზანია, საქართველოში კაპიტალის ბაზრების განვითარებაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს და ინსტიტუციურ და სტრატეგიულ ინვესტორებს საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების აღმოჩენაში დაეხმაროს. ამასთანავე, ადგილობრივ კომპანიებს გაუხსნას გზა დაფინანსების დამატებითი ფორმებისკენ, სადაც დღეს ტრადიციული საბანკო სესხები დომინირებს.
“თი-ბი-სი” კაპიტალი დაარსდა 1999 წელს და საქართველოს ბაზრის შესაბამის მომსახურებას სთავაზობს კლიენტებს. მისი მშობელი კომპანია, “თი-ბი-სი” ბანკი არის საქართველოში წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, რომლის აქციებიც ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE: TBCB LI).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები