გაეროს ოფისის ეზოში ქართული ქვევრი განთავსდება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად ქალაქ ჟენევაში გაეროს ოფისის ეზოში ქართული ქვევრი განთავსდება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორგანიზაციის იუბილესთან დაკავშირებით საქართველო ჟენევის ოფისს საჩუქრად იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულ ქართულ ქვევრს ჩუქნის.
ქვევრის დადგმის ოფიციალური ცერემონია გაეროში 2016 წლის 1 მარტს გაიმართება. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი ჯანელიძე და გაეროს ოფისის გენერალური დირექტორი მიმართავენ.
ღონისძიების ფარგლებში მემორიალური დაფა გაიხსნება. ასევე, გაიმართება ქართული ღვინის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ქართული ღვინის დეგუსტაცია. უწყების ცნობით, ორიგინალი ზომის თიხის ქვევრი ჟენევაში ორგანიზაციის ეზოში სამუდამოდ დაიდებს ბინას. ქვევრი საქართველოში, სოფელ მაქათუბანში დამზადდა და მასზე ქართულ და ინგლისურ ენებზე ამოტვიფრულია „საქართველო“, “Georgia”. ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ჟენევაში გაეროს განყოფილებაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები