გიორგი ებანოიძე: საქალაქო სასამართლოში ძირეულ ცვლილებებამდე ბევრი საკითხია მოსაგვარებელი

ჩემს მოსაზრებებს გავაცნობ საბჭოს, ასევე შევეხები კონკრეტულ სპეციალიზაციებს, რომ საქმის ნაკადი უფრო მოქნილი გახდეს, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ებანოიძემ უმაღლეს საბჭოს სასამართლოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე განაცხადა.
როგორც გიორგი ებანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თბილისის საქალაქო სასამართლოში ძალიან ბევრია გასაკეთებელი.
“ვისაუბრებთ ინიციატივებზე, ჩემს მოსაზრებებზე საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, ვისაუბრებთ, თუ რა გაკეთდა და რა გადაწყვეტილებები მიიღება მას შემდეგ, რაც მე გავხდი მოვალეობის შემსრულებელი. საუბარი შეეხება მენეჯმენტის საკითხებსაც. ყველაფერზე მინდა საუბარი. ჩემს მოსაზრებებს გავაცნობ საბჭოს, ასევე შევეხები კონკრეტულ სპეციალიზაციებს, რომ საქმის ნაკადი უფრო მოქნილი გახდეს”, – განაცხადა გიორგი ებანოიძემ და აღნიშნა, რომ სპეციალიზაციების განსაზღვრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციაა.
კითხვაზე, საჭიროებს თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლო ძირეულ ცვლილებას, ებანოიძემ აღნიშნა, რომ სანამ ძირეულ ცვლილებებამდე მივლენ, იქამდე ბევრი რამაა გასაკეთებელი.
“ძირეულ ცვლილებებზე თუ ვისაუბრებთ, ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ძირეულ ცვლილებებამდე ძალიან ბევრი საკითხია მოსაგვარებელი, სულ ერთი კვირაა მოვალეობის შემსრულებელი ვარ და რაღაც მოსაზრებები მაქვს, რაც საბჭოს უნდა გავაცნო”, – განაცხადა ებანოიძემ.
გიორგი ებანოიძემ მამუკა ახვლედიანის მიმართ წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უმჯობესია დაელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას.
“ბატონ მამუკას ამასთან დაკავშირებით აქვს არგუმენტები და აპირებს სასამართლოში დავის გაგრძელებას. ამ ეტაპზე ჩემი მოსაზრების დაფიქსირებისგან ან ერთი ან მეორე მხრივ თავს შევიკავებდი, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. თვითნებურად იღებდა თუ არა გადაწყვეტილებებს, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, ესეც სასამართლოს გადასაწყვეტია”, – განაცხადა ებანოიძემ. მისივე თქმით, მენეჯმენტი ისეთი საკითხია, რომ ყველას აქვს თავისებური ხედვა.
“მე ყოველთვის მქონდა ჩემი მოსაზრება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და ბატონ მამუკას – თავისი, ვერ გეტყვით, რომელი იყო სწორი და რომელი – არა. მენეჯმენტი ისეთი საკითხია, რომ ყველას აქვს თავისებური ხედვა. მე ვფიქრობ, რომ ჩემი ხედვა ჩემი გადმოსახედიდან სწორია. არ ვამბობ, რომ რაიმე არასწორი ხედვა იყო მანამდე კონკრეტულ საკითხებზე”, – განაცხადა ებანოიძემ და აღნიშნა, რომ საქმეთა განაწილების მხრივ მასსა და მამუკა ახვლედიანს შორის არ ყოფილა რაიმე კრიტიკული საუბარი და ამ საკითხზე იყო აზრთა ურთიერთგაცვლა.
რაც შეეხება იმას, აპირებს თუ არა გიორგი ებანოიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობას, მისი თქმით, ამ საკითხზე თითქმის არ ფიქრობს, რადგან ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები