მალაიზიაში ნარკოტრეფიკის ბრალდებით დაკავებული ბაბუცა გორდაძე სამშობლოში დაბრუნდა

მალაიზიაში ნარკოტრეფიკის ბრალდებით დაკავებული ბაბუცა გორდაძე თბილისში დაბრუნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი -2” ავრცელებს.
მათივე ცნობით, ის საქართველოში ბაქოდან სავარაუდოდ 19:00 საათისთვის ჩამოვიდა.
ბაბუცა გორდაძე დარეჯან კოხტაშვილთან ერთად 6 წლის წინ მალაიზიაში ნარკოტიკების შეტანის ბრალდებით დააკავეს. დარეჯან კოხტაშვილს აეროპორტში ბარგში სურათის ჩარჩოში 5 კილოგრამამდე ამფეტამინის შემცველი აბები აღმოუჩინეს.
მალევე სამართალდამცავებმა კიდევ ერთ მოქალაქეს, ბაბუცა გორდაძეს მიაკვლიეს, რომელსაც კოხტაშვილის მსგავსად ასევე სურათის ჩარჩოში დამალული იგივე შემცველობის აბები უპოვეს. ორივე ქალბატონს მალაიზიის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
მოგვიანებით თურქეთიდან დაბრუნდა და სამართალდამცველებს საკუთარი ნებით ჩაბარდა ბაბუცა გორდაძის მეუღლე, რომელმაც განაცხადა, რომ ორივე ქალბატონს ნარკოტიკები ისე ჩაუდო, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.
მალაიზიის სასამართლომ საპროცესო გარიგების საფუძველზე როგორც კოხტაშვილს, ასევე გორდაძეს სასჯელი შეუმსუბუქა.
საბოლოოდ სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით გადაწყდა, რომ 2016 წელს ორივე გათავისუფლდებოდნენ  და სამშობლოში დაბრუნდებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები