ექიმი: ალექსი პეტრიაშვილი რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
დღეს გამთენიისას მისთვის დამატებითი ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო. როგორც მისი მკურნალი ექიმი ვლადიმერ პაპავა აცხადებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
მისივე განმარტებით, პეტრიაშვილისთვის დამატებითი ოპერაციის ჩატარების საჭიროება სხეულში ჩარჩენილმა ტყვიამ გამოიწვია, რომელმაც ნაწლავი დააზიანა.
„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გუშინ გვიან ღამით კლინიკური გამოკვლევების საფუძველზე დადასტურდა, რომ იგი საჭიროებდა განმეორებით ოპერაციულ ჩარევას. აღმოჩნდა ნაწლავის დაზიანება და მოხდა მისი რეზექცია. არაერთხელ გვქონდა ჩვენ ნათქვამი, რომ ის იმყოფებოდა დაკვირვების ქვეშ. ამჟამად ჩატარებული ოპერაციიდან გამომდინარე, მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა პაპავამ.
შეგახსენებთ, რომ თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი ორი დღის წინ საბურთალოს სასაფლაოზე დაჭრეს. მას თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღით 3 ჭრილობა მიაყენეს. მას პირველი ოპერაცია დაჭრის დღესვე ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები