ოთარ დანელია პარიზში სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენის გახსნას დაესწრო

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია პარიზში სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენის (CIA) გახსნის საზეიმო ცერემონიალს დაესწრო.
გამოფენა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა გახსნა. ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ გამოფენაში 40-მდე ქვეყნის 1 000-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს. გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა ყოველდღიურად 10 ათასს აჭარბებს.
ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებთან ერთად მეცხოველეობის, მეღვინეობის, მეფუტკრეობის და მარცვლოვანი კულტურების პავილიონები დაათვალიერა და წარმოდგენილ პროდუქციას და მომსახურებებს გაეცნო.
გამოფენის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეხვედრები გამართა შვეიცარიელ კოლეგასთან, სოფლის მეურნეობის მიმართულების ხელმძღვანელთან, ბერნარ ლემანთან, აგროალიმენტარის ტექნიკისა და პროდუქტების საერთაშორისო განვითარების ასოციაციის პრეზიდენტთან, ფრანსუა ბიურგოსთან, მსხვილფეხა საქონლის მაღალპროდუქტიული ჯიშების მოშენება-გავრცელების კუთხით მომუშავე კომპანიების ხელმძღვანელებთან და საფრანგეთის ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან.
პარიზის სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენის გახსნას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ეკა სირაძე-დელონე და საქართველოში საფრანგეთის სოფლის მეურნეობის ატაშე ნიკოლა პერენი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები