უჩა ნანუაშვილი პეტრიაშვილზე: ასეთი ფაქტები ქვეყნის იმიჯს სერიოზულ ზიანს აყენებს
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივანზე ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმას სამწუხარო ფაქტს უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ საგამოძიებო ორგანოები დამნაშავების დასაკავებლად მაქსიმუმს გააკეთებენ.
ომბუდსმენის თქმითვე, თუ არის მტკიცებულებები,რომ აუცილებელია კვალიფიკაციის შეცვლა, რა თქმა უნდა, ამაზეც უნდა დაიწყოს ახლავე ზრუნვა.
„ეს არის ძალიან სამწუხარო როდესაც ქვეყანაში ასეთ დანაშაულს აქვს ადგილი. მე იმედი მაქვს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში საგამოძიებო ორგანოები მაქსიმუმს გააკეთებენ, რომ ცხელ კვალზე მოხდეს დამნაშავის დაკავება. თუ არის შესაბამიოსად მტკიცებულებები რომ აუცილებელია კვალიფიკაციის შეცვლა, რა თქმა უნდა, ამაზეც უნდა დაიწყოს ახლავე ზრუნვა“, – აღნიშნა ნანუაშვილმა.
მისივე შეფასებით, თუ არ მოხდება დროულად კონკრეტული პირების დაკავება, ქვეყნის იმიჯს სერიოზული ზიანი მიადგება.
„რაც მთავარია, თუ არ მოხდება უახლოეს ხანებში კონკრეტული პირების დაკავება, ეს იქნება ძალიან ცუდი სიგნალი ქვეყნისთვის. ზოგადად ასეთი ფაქტები, როგორც დემოკრატიული და სტაბილური ქვეყნის იმიჯს სერიოზულ ზიანს აყენებს“, – დასძინა სახალხო დამცველმა.