ირაკლი ალასანია: ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმის დამკვეთებსაც და შემსრულებლებსაც ვიპოვით
ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა მთელ “თავისუფალ დემოკრატებზე” თავდასხმაა და მთელი პარტია სრულად არის მობილიზებული, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გადაცემა “კურიერში” განაცხადა.
მისი თქმით, პეტრიაშვილის თავდასხმის დამკვეთებსაც და შემსრულებლებსაც მალე იპოვიან.
“მგონია, რომ ამ წუთებში ჩვენ გვისმენენ შემკვეთიც და შემსრულებლებიც. მინდა დავპირდე მათ, რომ ვერსად დაგვემალებიან. ვიპოვით სადაც არ უნდა წავიდნენ და მათ მოუწევთ პასუხისგება ამ ცინიკურ, ბარბაროსულ აქტზე. როგორი არაადამიანი უნდა იყო, რომ მეგობრის საფლავზე მისულ ადამიანთან ზურგიდან მიხვიდე, თავს დაესხა და მიწაზე დაგდებული დაცხრილო. მე დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს მალე ფარდა აეხდება და ობიექტური ჭეშმარიტება დადგება”, – აღნიშნა ალასანიამ.
მისივე თქმით, ეს იყო მკვლელობის მცდელობა.