ნინო გოგუაძე ალექსი პეტრიაშვილზე: ფაქტია, რომ ეს იყო შეკვეთილი დანაშაული

პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრის ნინო გუგუაძის განცხადებით, ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმა შეკვეთილი დანაშაულია.
მისი თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ ვინ იყო შემკვეთი.
“ფაქტია ის, რომ ალექსის თავს დაესხა ორი სრულიად უცნობი და საკმაოდ გაწვრთნილი ადამიანი ამ საქმეში. ფაქტია, რომ ეს იყო შეკვეთილი დანაშაული. ვის მიერ იყო შეკვეთილი, ეს გამოძიების საქმეა და ჩვენ ვთხოვთ გამოძიებას, სწრაფად გახსნან საქმე. შინაგან საქმეთა მინისტრი თვითონ იმყოფებოდა გუშინ ალექსის სანახავად და გამოთქვა მზადყოფნა, რომ ცხელ კვალზე გაიხსნას ეს საქმე”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
პარტიის ლიდერებმა ალექსი პეტრიაშვილი დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოინახულეს. ნინო გოგუაძის განცხადებით, ალექსი პეტრიაშვილმა არ იცის, ვინ არის ის პიროვნება, რომელიც მას თავს დაესხა, რადგან მას ნიღაბი ეკეთა.
“ერთს ნიღაბი ეკეთა, მეორეს ჰქონდა სახეზე აფარებული. ალექსის აღწერა შეუძლია მათი, თუმცა მათი ვინაობა მისთვის უცნობია”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
შეგახსენებთ, რომ “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივანზე თავდასხმა გუშინ საბურთალოს პანთეონში განხორციელდა. ალექსი პეტრიაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან 3 ტყვია ესროლეს და თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენეს.
გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის – ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები