მაია ფანჯიკიძე: გიორგი მღებრიშვილმა მოგვცა პირობა, რომ გამოძიება იქნება სწრაფი, ეფექტური და ობიექტური

გიორგი მღებრიშვილმა მოგვცა პირობა, რომ გამოძიება იქნება სწრაფი, ეფექტური და ობიექტური, – ამის შესახებ პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ერთ – ერთმა ლიდერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
“გუშინ რამდენიმე მოწმე დაიკითხა, დაიკითხა ქალბატონი ეკა მიშველაძე. გუშინ საღამოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო მოსული და მოინახულა ბუკა მან ყველას მოგვცა პირობა, რომ გამოძიება იქნება სწარაფი, ეფექტური და ობიექტური. ეს არის ძალიან მნიშველოვანი, რომ ცხელ კვალზე მოხდეს დამნაშავეების დაკავება”,- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ამასთან, ფანჯიკიძე იმედოვნებს, რომ ბუკა პეტრიაშვილი მალე გამოჯანმრთელდება.
“მე მქონდა საშუალება ექიმებთან მესაუბრა. მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, აბსოლუტურად ადეკვატურია, გონზეა პირველი წუთიდან. პატარა პროცედურებს უტარებენ, ოპერაციამ ძალიან კარგად ჩაიარა. შედეგები ძალიან კარგია და შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ გამოჯანმრთელებაც მალე მოხდება”,- აღნიშნა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივანზე თავდასხმა გუშინ საბურთალოს პანთეონში განხორციელდა. ალექსი პეტრიაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან 3 ტყვია ესროლეს და თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენეს.
გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის – ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები