პარლამენტის თავმჯდომარე კუნძულ ჯეჯუს გუბერნატორს შეხვდა

კორეის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, შეხვედრა კუნძულ ჯეჯუს გუბერნატორთან, ვონ ჰი-რიონგთან გამართა.
გუბერნატორის განცხადებით, ის მოხარულია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაცია სტუმრობს მის ქვეყანას. ვონ ჰი-რიონგმა დავით უსუფაშვილს და დეპუტატებს კუნძულის ისტორია, ტურისტული პოტენციალი, ინფრასტრუქტურული გეგმები და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები გააცნო.
ისაუბრეს არსებული გამოწვევებისა და მიღწევების შესახებაც. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ჯეჯუს გუბერნატორი საქართველოში არსებული ვითარებით დაინტერესდა და სურვილი გამოთქვა, რომ ქვეყნებმა ურთიერთობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმავონ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზეც.
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, კორეის რესპუბლიკაში ვიზიტს 28 თებერვალს დაასრულებს. დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის წევრები – დიმიტრი ხუნდაძე, შოთა ხაბარელი და ზურაბ აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ზურაბ მარაქველიძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი დავით მაღრაძე შედიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები