თინა ხიდაშელმა ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა თინათინ ხიდაშელმა ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიის საკითხებში გიუნტერ ბეხლერს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ეუთოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მხარეებმა საქართველოსა და ეუთოს შორის აქტიური თანამშრომლობის დაწყების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
როგორც თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, ქართული მხარე მიესალმება ეუთოსთან უფრო ახლო ურთიერთობას საქართველოში და ამ მხრივ შესაძლოა, სხვადასხვა მიმართულება იყოს განხილული. საუბარი შეეხო ასევე, გასულ კვირას თავდაცვის მინისტრის შეხვედრას ეუთოს გენერალურ მდივანთან.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები იყო.
მხარეებმა ჟენევის მოლაპარაკების ფორმატზეც გაამახვილეს ყურადღება, სადაც გიუნტერ ბეხლერის მანდატი, ძირითადად, საქართველოსთანაა დაკავშირებული. მან თავდაცვის მინისტრს აღნიშნული ფორმატის ფუნქციონირებაზე უახლესი ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაზე განხილული საკითხები თავდაცვის მინისტრმა შეაჯამა და საქართველოში ეუთოს ფუნქციონირების აუცილებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„2008 წლის ომის შემდეგ ეუთოს ჩვენ ქვეყანაში ოფისი აღარ აქვს და მათი საქმიანობაც შეზღუდულია. გასულ კვირას შესაძლებლობა მქონდა ვენაში ეუთოს გენერალურ მდივანს შევხვედროდი; ასევე ბევრი შეხვედრა გავმართე ბევრ კონკრეტულ თემაზე, მიმართულებაზე, შესაძლებლობაზე. საუბარი იყო ორმხრივი ურთიერთობებით როგორ მოვახერხოთ, რომ საქართველოში ეუთოს ფუნქციონირება რაღაც ფორმით მაინც აღდგეს. ბატონ ბეხლერთან დღევანდელ შეხვედრაზე ძირითადად ამ თემებზე ვისაუბრეთ. ის ეუთოს სპეციალური წარმომადგენელია სამხრეთ კავკასიაში. ბუნებრივია, მისი მანდატი, გამომდინარე იქიდან, რომ ჟენევის დისკუსიების მონაწილეა, ეუთო თანათავმჯდომარეა, დიდწილად სწორედ საქართველოსთანაა დაკავშირებული. უსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი საკითხია მის მანდატში. ეს იყო ერთგვარი კონტაქტის გახსენება-შეხვედრა, სადაც გავცვალეთ აზრები, თუ როგორ შეიძლება ვითანამშორმლოთ უფრო ინტენსიურად იმისათვის, რომ შედეგები უფრო მყისიერი იყოს,“ – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ბეხლერის თქმით, ეუთო ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რათა უსაფრთხოების მდგომარეობა უფრო სტაბილური გახდეს.
„ეუთოს სპეციალური დესპანის რანგში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირველად ვესტუმრე. ამჟამად ჩემი საქმიანობის სფერო, ძირითადად, სამხრეთ კავკასიის საკითხებით, საქართველოსა და ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატით შემოიფარგლება. შეხვედრაზე ერთმანეთს ჩვენი ხედვა გავუზიარეთ ეუთოსთან დაკავშირებულ საკითხებზე, ეუთო-ს მუშაობაზე რეგიონსა და საქართველოში. თავდაცვის მინისტრი ახლახან დაბრუნდა ვენიდან, სადაც მან ეუთოს გენერალურ მდივანთან გამართა შეხვედრა. ჩვენ ამ თემასაც შევეხეთ. ასევე გავცვალეთ ჩვენი მოსაზრებები რეგიონსა და საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. შევთანხმდით, რომ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რათა უსაფრთხოების მდგომარეობა უფრო სტაბილური გახდეს,“ – აღნიშნა გიუნტერ ბეხლერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები