თამარ ბერუჩაშვილი დიპლომატიურ სამსახურს გაერთიანებულ სამეფოში 1 მარტიდან შეუდგება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩს უმასპინძლა.
თამარ ბერუჩაშვილი დიპლომატიურ სამსახურს გაერთიანებულ სამეფოში 1 მარტიდან შეუდგება.
შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა საქართველოსა და დიდი ბრიტანეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობა და სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავება იყო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლების კუთხით დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობაზე. მინისტრმა ელჩთან საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერაზეც ისაუბრა.
„საკმაოდ დიდი პაკეტი გვაქვს დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობებში. ჩვენ სამხედროებს შესაძლობა აქვთ, დიდი ბრიტანეთის საუკეთესო სკოლებში მიიღონ განათლება. ვთანამშრომლობთ ნატო-საქართველოს ერთობლივ პაკეტში. ორმხრივ ურთიერთობებში კი 2016 წლის სამოქმედო გეგმა ორი კვირის წინ დამტკიცდა,“ – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
შეხვედრაზე განხილული თემები თამარ ბერუჩაშვილმა შეაჯამა. მისი თქმით, ბრიტანეთი საქართველოს ევროატლანტიკური პროცესების ერთ-ერთი ყველაზე უფრო მკაფიო და აქტიური მხარდამჭერია.
„ბრიტანეთი-საქართველოს ურთიერთობები თავდაცვის სფეროში განსაკუთრებული დინამიზმით ხასიათდება. ბრიტანეთი საქართველოს ევროატლანტიკური პროცესების ერთ-ერთი ყველაზე უფრო მკაფიო და აქტიური მხარდამჭერია. თავდაცვის მინისტრთან დღევანდელი შეხვედრა, ძირითადად, თანამშრომლობის იმ პრიორიტეტებს შეეხო, რომელიც საქართველო-ბრიტანეთის სამხედრო თანამშრომლობის დღის წესრიგში უკვე ფიგურირებს; ასევე შევეხეთ იმ სიახლეებს, რომელიც გვინდა შევიტანოთ მომავალი წლების განმავლობაში – ეს ეხება განათლების თემას, კადრების მომზადებას, მეტი ქართველი სამხერო ჩართულობას იმ ერთობლივ პროექტებში, რომელიც განხორციელდება; ასევე მაღალ და საშუალო დონეზე ვიზიტების დაგეგმვას, რომელმაც კიდევ ერთხელ ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი ორმხრივი პარტნიორობის განვითარებას სამხედრო სფეროში”,- განაცხადა ბერუჩაშვილმა.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილს საპასუხისმგებლო საქმეში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ბრიტანულ-ქართული ურთიერთობები კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შეიძენს, როდესაც საქართველოს გაერთიანებულ სამეფოში ელჩად ასეთი მარალი რანგის დიპლომატი ეყოლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები