ნუკრი ქანთარია: ყველაზე უკეთ ბუკამ იცის თვითონ მოტივი, პოლიტიკა არაფერ შუაშია

„ის, რომ ბუკა პეტრიაშვილს ქვედა კიდურებზე ესროლეს, იმაზე მიანიშნებს, რომ ეს პირადულია“, – ასე აფასებს საბურთალოს სასაფლაოზე მომხდარ ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია.
დეპუტატს მიაჩნია, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივანზე თავდასხმა პოლიტიკას არ უნდა უკავშირდებოდეს.
როგორც ქანთარიამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაზე უკეთ, მომხდარის შესახებ, ალბათ თავად პეტრიაშვილმა იცის. ამასთანავე, დეპუტატმა აღნიშნა, რომ თავდასხმა, სავარაუდოდ, პეტრიაშვილის პირადულ საკითხებს უკავშირდება.
„ალექსი პეტრიაშვილი ცოტა ხნის წინ ჩვენი თანამებრძოლიც იყო და აქ არავითარ შუაში არაა პოლიტიკა. უაზრობაა ამაზე ლაპარაკი. მთავარია დროზე გამოჯანმრთელდეს. ყველაზე უკეთ ბუკამ იცის თვითონ მოტივი. რაღაც ალბათ პირადის მსგავსია. პოლიცია ამას გამოიძიებს და უმკაცრესად დასჯის. ინფორმაცია არ მაქვს, რომ პირადულია, მაგრამ ის, რომ მას შეგნებულად ესროლეს ქვედა კიდურებზე, ამაზე მიანიშნებს“, – განაცხადა ქანთარიამ.
მისი თქმით, ფაქტი თავისთავად სამწუხაროა, მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკოსს ეხება, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაუკავშირდეს ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების გაუარესებას.
„არ უნდა იყოს ალბათ ჩახლართული ამბავი. ვფიქრობ, ძალიან მალე გამოიძიებენ. კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესებას ეს ნამდვილად არ ნიშნავს. ყველგან ხდება ასეთი ფაქტები“, – განაცხადა ქანთარიამ.
კითხვაზე, ხომ არ არის ეს თავდასხმა იმ თვალთვალის გაგრძელება, რაზეც მისი მეუღლე ეკა მიშველაძე ჯერ კიდევ სექტემბერში საუბრობდა, ქანთარია აცხადებს, რომ არსად იკვეთება გარკვეული უწყებების მიერ პეტრიაშვილის თვალთვალი და ამის ფაქტები არ არსებობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს”, – აცხადებენ შსს-ში.
შსს მიმართავს ფაქტის თვითმხილველ პირებს, დანაშაულის დროულად გამოძიების მიზნით, ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები