რობერტო მონტელა: დარწმუნებულნი ვართ, საქართველო ყველაფერს თავს ძალიან კარგად გაართმევს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა რობერტო მონტელამ ქართველ ჟურნალისტებთან 1-5 ივლისს, საქართველოში გასამართ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე, ასევე, მასთან დაკავშირებული საკითხებზე ისაუბრა.
მონტელამ საქართველოს პარლამენტს და ხელისუფლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ღონისძიების მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ ყოველწლიური სესია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყველაზე მნიშვნელოვან შეკრებას წარმოადგენს, რადგან, მისივე თქმით, იგი წელიწადში ერთხელ ტარდება და მას 57 ქვეყნის 300-ზე მეტი დელეგატი და ამდენივე სპეციალური სტუმარი ესწრება.
„საქართველოში ყოველწლიური სესიის გამართვა ეუთოს მთელს რეგიონში საკუთარი როლის გაზრდის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები 57 ქვეყანას წარმოადგენენ. ყოველწლიური სესია ასამბლეის ცენტრალური ღონისძიებაა, იმიტომ რომ დელეგატები განიხილავენ მნიშვნელოვან საკითხებს, ისეთებს, როგორებიცაა მიგრაციის კრიზისი, ტერორიზმი, უსაფრთხოების საკითხები და ადამიანის უფლებების დაცვა. ყველა ამ საკითხს თბილისში სამ სხვადასხვა კომიტეტში გავნვიხილავთ, რომლებიც ფოკუსირდებიან, უსაფრთხოების, ეკონომიკურ და ადამიანის უფლებათა საკითხებზე. ყოველწლიური სესიის საბოლოო შედეგი იქნება თბილისის დეკლარაცია, რომელიც ეუთოს 2016 წლის დღის წესრიგს განსაზღვრავს“,- განაცხადა რობერტო მონტელამ.
მისივე თქმით, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ საქართველო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიას წარმატებით უმასპინძლებს.
„დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო შესანიშნავ სამუშაოს გასწევს. გვაქვს ასეთი ღონისძიებების ორგანიზების კარგი მაგალითები – „იბიარდის“ ფორუმი, მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებები – ახალგაზრდული ოლიმპიადა და სუპერთასის ფინალი. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველო ყველაფერს თავს ძალიან კარგად გაართმევს, ჩვენ საკმაოდ ხშირად ვსტუმრობთ თქვენს ქვეყანას და მოხიბლულები ვართ თქვენი სტუმართმოყვარეობით. წელს საქართველო ჩვენი ყურადღების ცენტრშია. ყოველწლიური სესიის შემდეგ უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, რომელზეც ჩვენ საკმაოდ დიდი სადამკვირვებლო მისიით ჩამოვალთ. ასე რომ, მოუთმენლად ველით თბილისის სესიას“, – აღნიშნა რობერტო მონტელამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები