პუტინმა აფხაზეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივების ბრძანება გასცა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაბამის უწყებებს აფხაზეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივება დაავალა.
ამის შესახებ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა.
„ეს, ძირითადად, პენსიონერებს ეხებათ, რომლებიც ამ შემთხვევაში რუსეთის კანონმდებლობით განსაზღვრულ პენსიებს მიიღებენ“, – განაცხადა ხაჯიმბამ.
პუტინის და ხაჯიმბას შეხვედრა მოსკოვში რამდენიმე დღის წინ გაიმართა. ხაჯიმბამ ასევე აცნობა ჟურნალისტებს, რომ ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში მიიწვია.