ლევან ვასაძე: ლევან ბერძენიშვილის მიერ “კა-გე-ბე-სთვის” მიცემული აღიარებითი ჩვენებები ყველას წაკითხული გვაქვს

ხვალ ჩინურმა კონფუციონიზმმა თუ რუსულმა აღორძინებულმა იმპერიალიზმმა საქართველოდან ამერიკელები და ევროპელები რომ გააძევონ, “რესპუბლიკელებს” ვერავინ დაასწრებს მათ სამსახურში ჩადგომას, – ამის შესახებ ბიზნესმენი ლევან ვასაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
ვასაძე “რესპუბლიკური პარტიის“ წევრებს მწვავედ აკრიტიკებს,
“როდესაც საქართველოს მოღალატეები მის ვნებასა და ნგრევას აგრძელებენ, ჩვენ სხვა არჩევანი არ გვრჩება, გარდა იმისა, რომ ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, თუნდაც ამის შედეგად მორიგი ცილისწამებისა და სიბინძურის ტალღა მივიღოთ.
მინდა მჯეროდეს, რომ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის შეცვლისას, ამერიკელებმა დააძალეს ბიძინა ივანიშვილს “რესპუბლიკელების” კოალიციაში შეყვანა და ეს მისი იდეა არ იყო.
ალბათ, ეს იყო ულტიმატუმი – თუ არ იქნებოდნენ კოალიციაში “რესპუბლიკელები”, ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვების შანსი არ ექნებოდა. ამრიგად, მიმაჩნია, რომ “რესპუბლიკელები” ტროას ცხენივით შემოყვნენ ივანიშვილს პოლიტიკაში და უცხოელი პატრონების დაკვეთით მოექცენ ხელისუფლების სათავეში.
9 აპრილის შემდეგ, როდესაც ცოცხალ-მკვდარი კრწანისში თვალის კლინიკაში ვიწექი, ქართველმა ნამუსიანმა კომუნისტებმა პარტბილეთები გადაყარეს, კომპარტიამ კი მაშინ დაიწყო დაცლილი კვოტების შევსება და თავის რიგებში ის ხალხი მიიღო, ვისაც ძალიან უნდოდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა პარტიაში. დავით უსუფაშვილმა სწორედ მაშინ აიღო პარტბილეთი, მის მეუღლეს, ქალბატონ თინა ხიდაშელს კი ნათქვამი აქვს, მე სულ არ მედარდება საქართველო დაიბრუნებს თუ არა აფხაზეთსო და დღეს ის ჩვენს მეომრებს ხელმძღვანელობს, რაც მათი შეურაცხყოფაა…
ლევან ბერძენიშვილის მიერ „კა-გე-ბე-სთვის“ მიცემული აღიარებითი ჩვენებები კი ყველას წაკითხული გვაქვს.
ახლა დავით უსუფაშვილი, თინათინ ხიდაშელი და ძმები ბერძენიშვილები მასწავლიან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და ვაჟკაცობას?! ხვალ ჩინურმა კონფუციონიზმმა თუ რუსულმა აღორძინებულმა იმპერიალიზმმა საქართველოდან ამერიკელები და ევროპელები რომ გააძევონ, “რესპუბლიკელებს” ვერავინ დაასწრებს მათ სამსახურში ჩადგომას. “რესპუბლიკელებს” არანაირი პრიციპი არ აქვთ და შეიძლება, ხალხს, რომლებიც ნდობით არ სარგებლობენ საზოგადოებაში, ასეთი მაღალი თანამდებობები ეკავოთ?! ესაა ლიბერალური დემოკრატია? დიახაც, რომ, სამწუხაროდ, ესაა! ეს იგივე ლიბერალური დემოკრატიაა, რომელმაც ხალხის გამაუპატიურებელი სააკაშვილი ხელშეუხებელი გახადა. ასე რომ, “რესპუბლიკები” “ნაციონალების” იდეოლოგიური ძმები არიან”,-აცხადებს ლევან ვასაძე.
ცნობისთვის, გოგი თოფაძისა და „რესპუბლიკური“ პარტიის დაპირისპირების თაობაზე საუბრისას დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ თოფაძე ანტიდასავლურად განწყობილ პირებთან, მათ შორის, ლევან ვასაძესთან ერთად ცდილობს ჯგუფის წამყვანი ფიგურა გახდეს.
“გოგი თოფაძის განცხადებები ანტიდასავლურ კურსზე ჩრდილოელი მეზობლის განცხდებებს ემთხვევა. თოფაძე ანტიდასავლურად განწყობილ პირებთან, მათ შორის, ლევან ვასაძესთან ერთად ცდილობს ჯგუფის წამყვანი ფიგურა გახდეს. ვასაძესთან პრეტენზია არ მაქვს, რადგან ის საქართველოს ხელისუფლებას არ წარმოადგენს, თოფაძე კი, მმართველ გუნდშია. ამიტომაც მიჩნდება ლეგიტიმური კითხვა, რატომ არის ეს ადამიანი ჩვენს რიგებში?” – განაცხადა ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები