გიორგი კვირიკაშვილი: ოპოზიციას საკრიტიკო ველი მნიშვნელოვნად შევუმცირეთ

საკრიტიკო ველი მნიშვნელოვნად შევუმცირეთ ოპოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა. პრემიერი-მინისტრმა აღნიშნა, რომ იგი ახლო მომავალში მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება.
„პირველივე წინადადება, რომელიც მე წარმოვთქვი მსხვილ ბიზნესთან ორი დღის წინანდელ შეხვედრაზე იყო ის, რომ შემდეგი შეხვედრა იქნებოდა მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან და უახლოეს დღეებში ასეთი შეხვედრა შედგება.
შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ საკრიტიკო ველი მნიშვნელოვნად შევუმცირეთ ოპოზიციას და ამ მიმართულებით წავალთ. პირდაპირ ვიტყვი, არ მივცემთ უფლებას ოპოზიციას, რომ რამეზე გაგვაკრიტიკოს. შეიძლება დარჩეს მათთვის რაღაც ნიშა, მაგრამ სულ უფრო შემცირდება. იმიტომ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მთავრობა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის ინტერესებს დავფარავთ და მოვიცავთ“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება განწყობილი იქნება, მოუსმინოს სამოქალაქო საზოგადოებას და ოპოზიციას.
“ჩვენ უბრალოდ, შევამცირებთ საკრიტიკო მიზეზს. სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ ობიექტური შეიძლება იყოს ესა თუ ის კრიტიკა, მაქსიმალურად შევეცდებით, დროის ძალიან მცირე მონაკვეთში მოვისმინოთ კიდეც ეს კრიტიკა და არ შეგვრცხვეს იმისი, რომ შემხვედრი ნაბიჯები გადავდგათ. სწორედ ამ გზით შევამცირებთ სამოქმედო ველს ოპოზიციისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ დაგვჭირდება მომავალში კრიტიკა. პირიქით, განწყობილნი ვიქნებით იმისთვის, რომ მოვუსმინოთ სამოქალაქო საზოგადოებას, მოვუსმინოთ ოპოზიციასაც და ეს პროცესი გაგრძელდება“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები