დავით უსუფაშვილი იაპონიის დედაქალაქს ეწვევა
პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იაპონიის დედაქალაქს ეწვევა. საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურის ინფორმაციით, 21-24 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო დელეგაცია ტოკიოში სამუშაო შეხვედრებს გამართავენ.
ვიზიტის ფარგლებში ქართველი კანონმდებლები იაპონელ კოლეგებს, იაპონიის ქვედა (წარმომადგენელთა) პალატის თავმჯდომარეს, ტადამორი ოშიმას და იაპონიის ზედა (მრჩეველთა) პალატის პრეზიდენტს, მასააკი იამაძაკის შეხვდებიან.
შეხვედრაზე მხარეები საქართველო-იაპონიის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს და ორ ქვეყანს შორის თანამშრომლობის თემებს განიხილავენ.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვედრებს იაპონიის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან და ჯანდაცვის სამინისტროში გამართავენ.
ტოკიოში გამართულ შეხვედრებს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად პარლამენტის წევრები – დიმიტრი ხუნდაძე, შოთა ხაბარელი და ზურაბ აბაშიძე დაესწრებიან. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის აპარატის უფროსი, ზურაბ მარაქველიძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, დავით მაღრაძე შედიან.