თეა წულუკიანი: ჰააგის გამოძიება წმინდად სამართლებრივი პროცედურაა
ჰააგის გამოძიება წმინდად სამართლებრივი პროცედურაა და მას ვერანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ დაზიანებს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ე.წ. პარლამენტს დაავალა, რუსეთის დუმამ საქართველოს მიერ ოსი ხალხის გენოციდი აღიაროს.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მტკიცებულებები მკაფიოდ ადასტურებს იმას, რომ აგვისტოში ომის დროს მომხადრია ქართველთა ეთნიკური წმენდა.
“ჩვენ – ყველას კარგად უნდა გვესმოდეს როგორც საქართველოში, ისე რუსეთში, რომ ჰააგის გამოძიება არის წმინდად სამართლებრივი პროცედურა და მას ვერ დააზიანებს ვერანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რადგან, როგორც ფატუ ბენსუდამ და მისმა ოფისმა მრავალჯერ განაცხადეს, ისინი დაეყრდნობიან მხოლოდ მტკიცებულებებს და ჩვენი გადასახედიდან, ეს მტკიცებულებები მკაფიოდ ადასტურებს იმას, რომ აგვისტოში მომხადრია ომის დროს ქართველთა ეთნიკური წმენდა.
აქედან გამომდინარე, ისღა დაგვრჩენია, რომ ამ გამოძიებას ხელი შევუწყოთ, რომ ეს უკვე მტკიცებულებების, საერთაშორისო დონეზე დამტკიცდეს და ჩვენმა მსხვერპლებმა, როგორც ბატონმა მოჩოჩოკომ განაცხადა, იხილონ მართლმსაჯულება, რომელმაც, შესაძლებისდაგვარად, უნდა აღადგინოს მათი უფლებები. ბოლომდე კი მათი უფლებები მხოლოდ მაშინ აღდგება, როდესაც ჩვენ – ყველა – აფხაზები, ოსები, ქართველები გავერთიანდებით და ვიცხოვრებთ იმ ერთიან ქვეყანაში, სამშობლოში, რომელსაც საქართველო ჰქვია”, – განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ე.წ. პარლამენტს დაავალა, რუსეთის დუმამ საქართველოს მიერ ოსი ხალხის გენოციდი აღიაროს. ამის შესახებ მან ხალხისა და ე.წ. პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.