ლეონიდ თიბილოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი ლეონიდ თიბილოვი რუსეთის ფედერაციაში ოკუპირებული რეგიონის შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.
გარდა ამისა, მისი თქმით, ცხინვალში განიხილება „სამხრეთ ოსეთის“ „ალანიად“ გადარქმევის შესაძლებლობა.
რუსული მედიის ცნობით, რეფერენდუმი შეიძლება წელს ჩატარდეს, ხოლო შემდეგ თიბილოვი რუსეთის პრეზიდენტს მიერთების თხოვნით მიმართავს. ამათანავე, თიბილოვი ამბობს, რომ მას ესმის ამ გადაწყვეტილების სირთულე მოსკოვისთვის და რუსულ მხარესთან აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციებს გააგრძელებს, რათა „რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო არენაზე დამატებითი სირთულეები არ შეუქმნას“.
„ჩვენ საკითხს ასე ვაყენებთ. სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციაში გვინდა შევიტანოთ პუნქტი, რომელიც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს უფლებას მისცემს, მიმართოს რუსეთის ფედერაციას მის შემადგენლობაში ახალი სუბიექტის სახით მიღების თხოვნით“, – განაცხადა თიბილოვმა.
დე ფაქტო ლიდერი ამბობს, რომ ამის შემდეგ რესპუბლიკა „კონსტიტუციურ საფუძველს“ მიიღებს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხის ინიცირების შესახებ. ამასთანავე, მოსკოვი ვალდებული არ არის, რეფერენდუმის შედეგებზე სასწრაფო რეაგირება მოახდინოს. მოგვიანებით ეს საკითხი მოსკოვთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდება.