რა უნდა გაითვალისწინონ ისრაელში წასვლის მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ ისრაელთან უვიზო მიმოსვლის შესახებ განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ისრაელში უვიზოდ შესვლის უფლება ნებისმიერი პირისთვის ქვეყანაში შესვლის უფლების გარანტიას არ ნიშნავს.
“უვიზოდ შესვლის უფლება არ ვრცელდება სასწავლებლად, ან სამუშაოდ მიმავალ პირებზე. ამ კატეგორიის პირებმა კვლავაც უნდა მიიღონ ვიზა დადგენილი პროცედურების შესაბამისად. უვიზო რეჟიმის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეებმა მგზავრობისას უნდა იქონიონ უკან დასაბრუნებელი ბილეთი და მოქმედი პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება შესვლიდან სულ მცირე ექვს თვეს. ისრაელის სახელმწიფო საზღვარზე შეიძლება მათ ასევე მოეთხოვოთ ჯანმრთელობის დაზღვევის, სასტუმროს ჯავშნის და ქვეყანაში დარჩენისთვის საკმარისი ფინანსური სახსრების თაობაზე ინფორმაციის წარდგენა”, – განაცხადა დავით ჯალაღანიამ.
ჯალაღანიას თქმით, ისრაელის ტერიტორიაზე უცხოელების შეშვების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მესაზღვრე ოფიცერი იღებს, რომელსაც უფლება აქვს, უარი უთხრას უცხოელს ქვეყანაში შესვლაზე გარკვეული მიზეზების საფუძველზე. ამიტომ, ჯალაღანიას განცხადებით, აუცილებელია ისრაელში წასვლის მსურველმა თან იქონიოს ყველა საჭირო საბუთი და მესაზღვრე ოფიცერთან გასაუბრებისას შეძლოს მგზავრობის მიზნის განმარტება და ამ ინფორმაციის უტყუარობის დადასტურება. ისრაელის სახელმწიფომ საქართველოს მოქალაქეებისთვის გააუქმა სავიზო რეჟიმი. ეს წესი ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც ისრაელში მიემგზავრებიან ტურისტულად, სტუმრად, ან კერძო ვიზიტით და მათ ისრაელში 180 დღის განმავლობაში 90 დღე უვიზოდ ყოფნა შეუძლიათ.