„რატომ არ მოსთხოვა მედიამ პასუხი პრეზიდენტს, როცა მან ერს მსუბუქი დებილიზმით შეპყრობილი უწოდა?! “
„დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გოგი თოფაძის წინააღმდეგ დაწყებულ ერთგვარ კამპანიაზე საუბრობს.
ლორთქიფანიძის განცხადებით, პოლიტიკურად ხდება შტურმის შეფუთვა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც მკაფიოდ გამოკვეთილი ინდივიდუალური დამოკიდებულება გააჩნია პოლიტიკური პროცესების მიმართ და არ ერიდება კოალიციის შიგნით მანკიერი მხარეების გამოააშკარავებას.
ლორთქიფანიძის განცხადებით, მისთვის გაურკვეველია, როდესაც ყველა გოგი თოფაძეს აკრიტიკებს, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ განცხადების გაკეთების გამო, რატომ დღემდე არ მოსთხოვა მედიამ პასუხი პრეზიდენტს, რომელმაც ერს მსუბუქი დებილიზმით შეპყრობილი უწოდა.
„გუშინ ცალკე ტელეგადაცემა მიეძღვნა გოგი თოფაძის განცხადებას დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებზე, მოიყვანეს ისეთი ადამიანები, რომლებიც ყოველ მესამე ფრაზაში გოგი თოფაძეს და მის გამონათქვამს ახსენებდნენ. საქართველოს პრეზიდენტს ამოუღეს მის მიერ გამოქვეყნებული შრომის ერთ-ერთი აბზაცი, სადაც ის ქართველ ერს ახასიათებს, როგორც მსუბუქი დებილიზმის ფორმით შეპყრობილად. ეს ადამიანი ამის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი გახდა და მას ამაზე მედიაში პასუხი არავინ მოსთხოვა.
მე არ მახსენდება არცერთი ჟურნალისტი, განსაკუთრებით კი ცენტრალურ ტელევიზიებს ვგულისხმობ, ვინც პასუხი მოსთხოვა მას და ამ სიტყვების განმარტება სთხოვა. ბატონი გოგი თოფაძე კი ყველა ბრუნვაშია მოხსენიებული. მას რომ დაუნის სინდრომი არ ეხსენებინა და ეთქვა ის, რაც თქვა პრეზიდენტმა, მსუბუქი დებილიზმის ფორმა ეხსენებინა და პერიფრაზი გაეკეთებინა, ამ შემთხვევაში მის მიმართ პრეტენზია აღარ იქნებოდა? პოლიტიკურად ხდება შტურმის შეფუთვა ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც გააჩნია მკაფიოდ გამოკვეთილი ინდივიდუალური დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესების მიმართ. ის არ ერიდება და კოალიციის შიგნით არსებულ მანკიერ მხარეებს ღიად ააშკარავებს,“- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.