დავით უსუფაშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობისას შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, სამომავლო თანამშრომლობის ასპექტებსა და რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრის დასაწყისში დავით უსუფაშვილმა თურქ სტუმარს თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარისთვის სამძიმრის წერილი გადასცა, რომლითაც პარლამენტის სახელით, ღრმა მწუხარება გამოხატა რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმების შედეგად დაღუპული მოსახლეობის მიმართ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ თურქეთი პირველ დიპლომატთან გამართული შეხვედრა შეაფასა და მას ნაყოფიერი და საინტერესო უწოდა.
„ეს იყო შეხვედრა რეგიონში სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში მყოფი ქვეყნების წარმომადგენლებს შორის. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო პოზიციები იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები, სამხედრო აგრესიები და შეიარაღებული კონფლიქტები, რომლებიც, სამწუხაროდ, უკვე ყველაზე უფრო ინტენსიურად, თურქეთის სამხრეთ რეგიონში ვითარდება. ვისაუბრეთ ეკონომიკურ პროექტებზე და ხაზი გაუსვით იმას, რომ თურქეთი – საქართველო – აზერბაიჯანი შავი და კასპიის ზღვის აუზების დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი ღერძია, რომელმაც თავისი პოტენციალი მსოფლიოს კიდევ უკეთ უნდა დაანახოს. ამიტომ არსებული პროექტები – ნავთობსადენი, რკინიგზა, ავტომაგისტრალი და სხვა საკომუნიკაციო საშუალებები მხოლოდ დასაწყისია და იქნება უფრო ბევრი და ამ პროცესებში ჩაერთვებიან ძლიერი მოთამაშეები ჩინეთის და ევროკავშირის სახით და ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების თვალსაწიერი“.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თურქეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას კვლავაც გამორჩეულად გააგრძელებს, რასაც იგი ყოველთვის აკეთებდა და ბოლო პერიოდში კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდა.
„დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს თანამშრომლობა გაამყარებს მშვიდობას რეგიონში და ეს ყველასთვის სასარგებლო იქნება“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოში ვიზიტად მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოფიციალური შეხვედრები ქვეყნის ხელმძღვანელ პირებთან უკვე გამართა. დღეს კი დაგეგმილია საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი გაფართოებული შეხვედრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები