ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი სამხედროები წვრთნებს ატარებენ
ოკუპირებულ აფხაზეთში, ცაბალის და ნაღვალოუს პოლიგონებზე რუსი სამხედროები წვრთნებს ატარებენ. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იტყობინება.
სამხედრო მანევრებში 500 სამხედრო და 100 ერთეული საბრძოლო ტექნიკა მონაწილეობს.
„გაიმართება საბრძოლო სროლები შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციების დროს. სამხედროებმა ჯავშანტექნიკა, საფრენი აპარატები და ცოცხალი ძალა უნდა გაანადგურონ. ჯარისკაცები ივარჯიშებენ ჯავშანტრანსპორტიორის და ქვეითთა საბრძოლო მანქანების შეიარაღებიდან, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებიდან და ტყვიამფრქვევებიდან სროლაში“, – განაცხადეს რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსაურში.
ამ ინფორმაციის მიხედვით, სამხედროები ღამის ხედვის ხელსაწყოებს გამოიყენებენ და მასობრივი განადგურების იარაღისგან დაცვაში ივარჯიშებენ. ახლო მომავალში ოკუპირებულ აფხაზეთში მოტომსროლელთა, სატანკო და საარტილერიო ქვედანაყოფების ერთობლივი წვრთნები გაიმართება.