გოგი თოფაძე: სანამ არ დამიწყეს შეურაცხყოფა და კბენა, კოალიციის არც ერთ წევრზე აუგი არ მითქვამს

მურვან ყრუ რომ იყო, ისე არ სძულდათ, როგორც ძმები ბერძენიშვილები სძულთ, – ამის შესახებ უმრავლესობის წარმომადგენელმა გოგი თოფაძემ ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში განაცხადა.
თოფაძემ ასევე გაიხსენა თინა ხიდაშელთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადება და ისევ გაიმეორა, რომ თავდაცვის მინისტრმა უხეშად დაარღვია კანონი საგარეჯოს არჩევნებში და ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა კოალიციას.
“მან მომაყენა შეურაცხყოფა და გავეცი პასუხი, თუ მას მიაჩნია, რომ რამე არასწორი ვთქვი ამ არჩევნების მიმართ, შეუძლია მიჩივლოს”, – განაცხადა თოფაძემ.
თოფაძე ასევე გამოეხმაურა ძმებ ბერძენიშვილების განცხადებებს, რომლებიც თინა ხიდაშელს გამოექომაგნენ და აღნიშნა, რომ არც თინა ხიდაშელს და არც ბერძენიშვილებს არ აქვთ უფლება ისეთი განცხადებები გააკეთონ, როგორიც გააკეთეს.
“ლევან ბერძენიშვილს შუბლის ძარღვი გაწყვეტილი რომ არ ჰქონდეს, ის ასე აქტიურად არ ჩაერეოდა. მე 80-იანი წლების მის ძალიან სამარცხვინო ქმედებას მოგიყვანთ, როდესაც მისი თანაგუნდელები, რომლებიც პოლიტიკური საბაბით ერთად იყვნენ პატიმრები, როგორ ჩაუშვა, როგორც გაათავისუფლეს თვითონ “კაგებეს” თანამშრომლებმა და დანიშნეს სამსახურში და როგორ ჩააგდო ვახტანგ ძაბირაძე, ვახტანგ შონია და ზამბახიძე. ამის მერე მის ბიოგრაფიას აღარ მოვყვები. საჯარო ბიბლიოთეკაში რაც გააკეთა ეს კიდევ სხვა თემაა”, – განაცხადა თოფაძემ.

მისივე თქმით, ის ამ შემთხვევაში აკრიტიკებს ძმებ ბერძენიშვილებს და თინა ხიდაშელს და არა მთლიანად “რესპუბლიკურ” პარტიას.

“მე არ ვლაპარაკობ “რესპუბლიკურ პარტიაზე”, მე ვლაპარაკობ პიროვნებებზე, ძმებ ბერძენიშვილებზე და თინა ხიდაშელზე. იქ არიან დადებითი პიროვნებებიც. მე ვლაპარაკობ სამეულზე, რომელთაც უფლება არ აქვთ ასეთი განცხადებები გააკეთონ.

ბევრი დანაშაული აქვთ ძმებს ჩადენილი და არ აქვთ მორალური უფლება ასე ხელაღებით ილაპარაკონ კოალიციის რომელიმე წევრზე”, – განაცხადა თოფაძემ.

მისივე თქმით, ძმები ბერძენიშვილები იჩემებენ, რომ წამყვანები არიან კოალიციაში, სინამდვილეში მათი რეიტინგი საზოგადოებაში ძალიან დაბალია.

“ისინი სძულს საქართველოს მოსახლეობას. მურვან ყრუ რომ იყო, ისე არ სძულდათ, როგორც ისინი სძულთ. არ აქვთ მათ მორალური უფლება ასე ხელაღებით ილაპარაკონ კოალიციის რომელიმე წევრზე. არასოდეს მე, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცეებში არ ვეთანხმებოდი, სანამ არ დამიწყეს შეურაცხყოფა და კბენა, კოალიციის არც ერთ წევრზე უარი ან აუგი არ მითქვამს”, – განაცხადა გოგი თოფაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები