თამარ კორძაია: დაპირისპირება არა “რესპუბლიკელებსა” და “მრეწველებს”, არამედ, თოფაძესა და კოალიციას შორისაა

როდესაც გოგი თოფაძე საუბრობს, რომ საქართველო უნდა იყოს ნეიტრალური ქვეყანა, დარტყმის ქვეშ აყენებს დღეს უკვე ხელისუფლებაში მყოფი კოალიციის მიერ გაცხადებულ სახელმწიფოებრივ ინტერესებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ კორძაიამ დეპუტატ გოგი თოფაძის განცხადებებთან დაკავშირებით ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, დაპირისპირება არა “რესპუბლიკელებსა” და “მრეწველებს” შორის, არამედ გოგი თოფაძესა და კოალიციას შორისაა.
“დაპირისპირება არა “რესპუბლიკელებსა” და “მრეწველებს” შორის, არამედ გოგი თოფაძესა და კოალიციას შორის, გოგი თოფაძესა და საქართველოს მთავრობას შორისაა, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პერმიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. თუ რატომ არის ეს ასე, ამას ახლავე მოგახსენებთ. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ბატონი გოგის განცხადებები არის წინააღმდეგობრივი და მთელი ეთერის განმავლობაში, სადაც ის შეეხო ძმებ ბერძენიშვილებს და თინა ხიდაშელს, ეძღვნებოიდა იმას, რომ მას სურდა გადაეფარა და მიეჩქმალა ის ძირითადი თემა, რაზეც “რესპუბლიკელები” ვსაუბრობთ. ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმას, რომ მისი სტრატეგია არის სწორედ რომ ანტისახელმწიფოებრივი. ეს გამოიხატება იმაში, რომ ის დღეს უარყოფს მის მიერვე ხელმოწერილ დეკლარაციას, სადაც ცალსახად გვიწერია მესამე პუნქტში და შემიძლია გავაკეთო ციტირება ამ პუნქტის, სადაც მას აქვს ხელი მოწერილი: “კოალიციის მიზანია როდესაც ხელისუფლებაში მოვა, უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება და გააღრმაოს ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაცია”. ხოლო როდესაც ის საუბრობს, რომ საქართველო უნდა იყოს ნეიტრალური ქვეყანა, დარტყმის ქვეშ აყენებს დღეს უკვე ხელისუფლებაში მყოფი კოალიციის მიერ გაცხადებულ სახელმწიფოებრივ ინტერესებს”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები