დავით ბერძენიშვილი: გოგი თოფაძე აჟღერებს იმ პოზიციებს, რასაც ლევან ვასაძე
გოგი თოფაძე თავისი განცხადებებით სწორედაც რომ კოალიციას და პრემიერს უპირისპირდება, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, “რესპუბლიკელმა” დავით ბერძენიშვილმა ტელეკომპანია “GDS”-ის ეთერში განაცხადა.
ბერძენიშვილმა ნატოს მიმართ თოფაძის შეხედულებაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ როგორც საქართველოს მთავრობა, ასევე საზოგადოების დიდი ნაწილი ნატოსკენ მიისწრაფვის, “მრეწველების” ლიდერი კი მას აგრესიულს უწოდებს.
„მაშინ, როცა ყველა – საქართველოს მთავრობა, საზოგადოების დიდი ნაწილი მიისწრაფვის ნატოში შესასვლელად, გოგი თოფაძე აცხადებს, რომ არ უნდა საქართველო იხილოს აგრესიულ ნატოში და უნდა საქართველო იყოს ნეიტრალური. ნატოს აგრესიულად მოხსენიებაც ნამდვილად არ არის კარგი, როცა თოფაძემ სამიზნედ თავდაცვის მინისტრი აქცია, მაშინ განვაცხადეთ, რომ არ შეიძლება ერთი დეპუტატი უპირისპირდებოდეს მინისტრს და იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ხიდაშელი მიეკუთვნება.
მისი თქმით, ბერძენიშვილები და ხიდაშელი არიან ცუდები, დანარჩენები – კარგები. ასე რესპუბლიკელებს ვერ დაგვყოფს. გოგი თოფაძე აჟღერებს იმ პოზიციებს, რასაც ლევან ვასაძე. ვასაძე უმრავლესობის დეპუტატი არ არის და შეუძლია გააჟღეროს მისი აზრები, მაგრამ თოფაძე თავისი განცხადებებით სწორედ რომ კოალიციას და პრემიერს უპირისპირდება. გიორგი ვოლსკიმ ჩემზე მკაფიოდ განაცხადა, რომ ემიჯნება თოფაძის განცხადებებს, ასევე გაემიჯნა თავად მრეწველების წევრი გიორგი კახიანი. ვოლსკი „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეა და არა “რესპუბლიკელი”, ასევე კვაჭანტირაძე არ არის “რესპუბლიკელი”, ის უმრავლესობის ლიდერია და ბატონი ზვიადიც არ ეთანხმება თოფაძის განცხადებებს, ასე, რომ ეს ადამიანი უპირისპირდება მთელ კოალიციას“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.