მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში კანადის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში კანადის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჯონ ჰოლმსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, განათლების, კულტურის და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებით.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უმაღლესი და მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების და შეხვედრების განხორციელების მნიშვნელობას, საქართველოსა და კანადას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაძლიერებას.
მინისტრმა კანადის ელჩს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგისა და პრიორიტეტების თაობაზე, განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები.
მოგვიანებით გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილის დავით ზალკალიანის სამუშაო შეხვედრა კანადის ელჩთან. ყურადღება გამახვილდა ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრზე, პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვის მნიშვნელობაზე.
დავით ზალკალიანმა და ჯონ ჰოლმსმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში არსებულ ვითარებაზე. საუბარი შეეხო საქართველოს როლს რეგიონულ ეკონომიკურ და სატრანსპორტო პროექტების განხორციელებაში, ქვეყანაში არსებულ ბიზნეს-გარემოსა და შესაძლებლობებს. აღინიშნა მიმდინარე წელს დაგეგმილ „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმზე კანადური მხარის მონაწილეობის მნიშვნელობა.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის პოლიტიკური მხარდაჭერისა და ხელშესახები შედეგების მიღების უზრუნველყოფის მიზნით პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრებზე განიხილეს შესაძლო პროექტები თავდაცვის, განათლებისა და ჰუმანიტარულ სფეროებში და შეთანხმდნენ მათი რეალიზაციის მიზნით აქტიურ თანამშრომლობაზე.
კანადის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კანადის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული რეფორმების მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები