რაზე ისაუბრეს პუტინმა და ხაჯიმბამ მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ „ორმხრივი ურთიერთობებით“ კმაყოფილება გამოთქვეს. შეხვედრა პუტინის სამთავრობო რეზიდენციაში, ნოვო-ოგარიოვოში გაიმართა.
„სამართლებრივი ბაზა ჩვენს ურთიერთობებში უფრო საფუძვლიანი ხდება, პრაქტიკული თანამშრომლობა ყველა მიმართულებით ვითარდება. ეს ეკონომიკაც არის და უსაფრთხოების სფეროც. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ურთიერთობები მრავალფეროვანია“, – განაცხადა პუტინმა.
რაულ ხაჯიმბას თქმთ, არის საკითხები უსაფრთხოების კუთხით, რომელთა გადაჭრა ამჟამად მიმდინარეობს, ასევე მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური პეობლემების მოგვარება ხდება. ეკონომიკის რომელ სფეროებზეა საუბარი, ხაჯიმბას არ დაუკონკრეტებია.
„დღეს აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის პენსიების გაზრდის პროცესი დაიწყო. თანამშრომლობა შინაგან საქმეთა და კულტურის სამინისტროების ხაზით მიმდინარეობს“, – განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.
პუტინის და ხაჯიმბას შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. როგორც ჟურნალისტებს ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აცნობა, რუსეთის და ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერები შეხვედრაზე „სამეკავშირეო ხელშეკრულების“ შესრულების, ასევე ეკონომიკურ საკითხებს განიხილავენ.