დავით უსუფაშვილი აშშ-ის კონგრესის ეთიკის ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აშშ-ის კონგრესის ეთიკის ოფისის აპარატის უფროს ომარ აშმავისა და მის მოადგილეს პოლ სოლის შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრები.
ომარ აშმავიმ და პოლ სოლისმა პარლამენტის თავმჯდომარეს ეთიკის ოფისის შექმნის ისტორია, მუშაობის სპეციფიკა და ოფისის წინაშე არსებული გამოწვევები გააცნეს. ასევე ისაუბრეს კონგრესში ეთიკის ოფისის მნიშვნელობასა და როლზეც. მხარეების შეფასებით, მსგავსი გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს პარლამენტი ღია და გამჭვირვალე მმართველობის მიმართულებით, აქტიურად მუშაობს.
ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრებმა ომარ აშმავისთან და პოლ სოლისთან ეთიკის კოდექსის შემუშავების, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ეთიკის ოფისის შექმნის ისტორიასა და მის გამოცდილებაზე ისაუბრეს.
„ ჩვენი მხრივ, გვაქვს ვალდებულება, რომ ამ მოწვევის დასრულებამდე, სექტემბრამდე, მივიღოთ სავალდებულო ეთიკის კოდექსი. ამგვარად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილება ამ მიმართულებით“,- აღნიშნა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრმა, გუგული მაღრაძემ.
ეთიკის ოფისის აპარატის უფროსის მოადგილის განცხადებით, ეთიკის კოდექსი კონგრესის რეგლამენტის ნაწილია. ომარ აშმავიმ და პოლ სოლისმა საქართველოს პარლამენტის წევრებს კონგრესის წევრებისა და თანამშრომლების მხრიდან ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში ეთიკის ოფისის მიერ გამოძიების პროცედურაც გააცნეს და შეკითხვებსაც უპასუხეს. ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრები გამოძიების დაწყების საფუძვლებით, ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში გათვალისწინებული სანქციებით, ეთიკის კოდექსის დარღვევის სტატისტიკით, ოფისის დირექტორთა საბჭოს ფუნქცია-მოვალეობებით და ეთიკის ოფისის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხებით დაინტერესდნენ. „ხანდახან გვეჩვენება, რომ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ, მაგრამ მიმაჩნია, რომ პოლიტიკური კულტურა საქართველოში თანდათანობით, იმ დონეზე ავიდა, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია, რომ ჩვენ ამ მიმართულებით შედეგებს მივაღწევთ“,- განაცხადა გუგული მაღრაძემ.