სოხუმი – ნატო აფხაზეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს
„ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებები საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადების დაწყების შესახებ აფხაზეთში სუტუაციის დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრმა მერაბ ქიშმარიამ განუცხადა.
„ჩვენ ნატოს გენმდივნის განცხადებებს ყურადღებით ვაკვირდებით. აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტი რუსეთის ფედერაციაა, ამიტომ ჩვენ ამ მხრივ პრობლემები არა გვაქვს. იმაზე ოცნება, რომ ასეულის ან რაიმე დაჯგუფების შექმნით საქართველო აფხაზეთს ხელში ჩაიგდებს, წარმოუდგენელია“, – განაცხადა ქიშმარიამ.
ე.წ. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ შეუძლებელია სტოლტენბერგის რუსეთისადმი მოწოდებების შესრულება აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის უკან გაწვევის შესახებ.
ცნობისთვის, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 11 თებერვალს განაცხადა, რომ ნატოს სპეციალისტები მიმდინარე წლის მაისში საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ასეულის მომზადებას დაიწყებენ. ნატოს გენმდივანმა მოუწოდა რუსეთს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება უკან გაიწვიოს.