გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის შეხვედრა მიმდინარეობს
ქალაქ ნაირობიში (კენია) გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის მეორე ღია სამუშაო შეხვედრა (OECPR-2) მიმდინარეობს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება მოსამზადებელი პროცესია გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეორე სესიისთვის (UNEA-2), რომლის მთავარი თემა მდგრადი განვითარების გარემოსდაცვითი საკითხების განხილვაა.
შეხვედრას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნინო თხილავა ესწრება, რომელიც გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტია.
უწყების ცნობით, კომიტეტის მეორე ღია სამუშაო შეხვედრის მონაწილეები გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის 2018-2021 წლების საშუალოვადიან სტრატეგიაზე, 2018-2019 წლების სამუშაო პროგრამასა და ბიუჯეტზე იმსაჯელებენ. გარდა ამისა, განხილვის თემა იქნება UNEA-2-ის მაღალი დონის სეგმენტის ორგანიზების საკითხები და მოსალოდნელი შედეგები. გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის მეორე ღია სამუშაო შეხვედრა 15 თებერვალს დაიწყო და 19 თებერვალს დასრულდება.