მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთი დაინტერესებულია საქართველოდან ექსპორტის გაზრდით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ვიზიტად მყოფ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა.

მხარეების შეხვდრა როგორც პირისპირ, ასევე დელეგაციათა გაფართოებულ ფორმატში გაიმართა. შეხვედრაზე, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა, მიხეილ ჯანელიძემ და მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველო-თურქეთის ურთიერთობათა ფართო სპექტრი განიხილეს და აღნიშნეს მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა. ამ კონტექსტში, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პრემიერ-მინისტრების დონეზე მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრის უახლოეს პერიოდში გამართვის თაობაზე.

შეხვედრისას მინისტრებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის საერთო ძალისხმევაზე, რომელიც მიმართულია რეგიონული სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების წარმატებით რეალიზაციისაკენ. აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ახლო მომავალში ამოქმედების მნიშვნელობა და სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის რეალიზაცია.

„აღსანიშნავია ჩვენი მჭიდრო ურთიერთქმედება სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის რეალიზაციის პროცესში. ასევე, მნიშვნელოვნად გვესახება თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება ჩვენს პარტნიორებთან ცენტრალურ აზიაში, კასპიის ენერგორესურსების დამატებითი მოცულობების დასავლეთისაკენ ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად. ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული მდებარეობისა და სატრანზიტო პოტენციალის გათვალისწინებით, ცხადია, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის შეუფერხებელ ფუნქციონირებას“, -განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ამ სფეროში არსებობს ურთიერთობათა გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ დავითოღლუს განცხადებით, თურქეთი დაინტერესებულია საქართველოდან ექსპორტის გაზრდით.

„ჩვენ სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება და განვითარება გვსურს. გვინდა რომ გაიზარდოს საქართველოს ექსპორტი თურქეთში და მზად ვართ, ამისთვის მაქსიმალური მხარდაჭერა გავუწიოთ საქართველოს“,- განაცხადა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა თურქულ მხარეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხში აქტიური მხარდაჭერისათვის. შეხვედრისას მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებიც გავლენას ახდენს გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. აღინიშნა, რომ არსებული კონფლიქტები უნდა დარეგულირდეს მშვიდობიანად, სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრის შემდგომ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები