დავით ბერძენიშვილი: თავდაცვის მინისტრის მიმართ ორკესტრირებულ კამპანიას აქვს ადგილი

ფრაქცია “ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა ფრაქცია “მრეწველების” ერთ-ერთი ლიდერის გოგი თოფაძის მიერ თინა ხიდაშელის მისამართით გაკეთებულ განცხადებას ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკოალიციური უწოდა.
როგორც ბერძენიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, თავდაცვის მინისტრის მიმართ ორკესტრირებულ კამპანიას აქვს ადგილი.
“მინდა, გოგი თოფაძის განცხადებას გამოვეხმაურო, რომელიც მორიგი შეტევაა საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის წინააღმდეგ. ხაზგასმით ვამბობ, რომ კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრის სტატუსით ვსაუბრობ. ამ თემაზე პოლიტსაბჭოზეც ვისაუბრეთ, მაგრამ მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ორკესტრირებული კამპანიაა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიმართ და სამიზნედ შერჩეული იქნა ევროატლანტიკურ ასპარეზზე ჩვენი ხელისუფლების თანამდებობის პირი. გოგი თოფაძის მიერ პარლამენტის შიგნით თუ მის გარეთ, მხარდამჭერების თუ შემკვეთების შესრულებით მიმდინარეობს ანტიკოალიციური, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული კამპანია. “მრეწველთა” ფრაქციის წევრებისგან, რომლებიც “ქართული ოცნების” წევრები არიან, მოველი, რომ პასუხს გასცემენ იმას, რამდენად შესაძლებლად მიაჩნიათ, ამ ფრაქციაში, ამ თავმჯდომარის პირობებში საქმიანობის გაგრძელება. ზურაბ ტყემალაძისგან ევროინტეგრაციის არჩევანის დამადასტურებელი განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია და მაინტერესებს, რას ფიქრობს თოფაძის განცხადებაზე? არავითარ შუაშია საგარეჯოს არჩევნები, რომელზეც პასუხი გაცემულია ამომრჩევლის და ყველა ინსტანციის საარჩევნო კომისიის მიერ. ტელეკომპანია “ობიექტივში”, გოგი თოფაძემ და წამყვანმა სცადა, “რესპუბლიკური პარტიის” წინააღმდეგ კამპანია გაემიჯნა, მაგრამ არა – პერსონალურად თინა ხიდაშელი სამიზნედ არის ამოღებული. გამიკვირდა, როცა ვოლსკი გამობრძანდა და ამ თემას საერთოდ არ შეეხო, ალბათ ჟურნალისტებთან მსუყედ აპირებს განცხადების გაკეთებას”, – განაცხადა ბერძენიშვილმა პარლამენტის სხდომაზე.
ბერძენიშვილის ამ განცხადებას გოგი თოფაძისა და ზურაბ ტყემალაძის მხრიდან მცირე ხმაური მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები