მევლუთ ჩავუშოღლუ: ვარშავის ნატოს სამიტზე საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერის საკითხს დავაყენებთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
“აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში გადაჭრას ვუჭერთ მხარს და ყველა ფორმატში, ყველა პლატფორმაზე ვაფიქსირებთ ამ მხარდაჭერას”, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, როგორც საქართველოში ვიზიტად მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ყველა პარტნიორთა და ნატოს ყველა წევრ ქვეყნის წარმომადგენელთან შეხვედრაზე თურქეთი ყოველთვის აფიქსირებს საქართველოს მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების კუთხით.
„მინისტერიალზეც, შეხვედრაზეც ყოველთვის ვაყენებთ ამ საკითხს. ბოლო შეხვედრაზეც პირადად მე წამოვჭერი ეს თემა. ვარშავის ნატოს სამიტზეც დავაყენებთ ამ საკითხს, თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ ამაში”, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
შეგახსენებთ, აღნიშნული განცხადება საქართველოში ვიზიტად მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ქართველ კოლეგასთან, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები