ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 4 წლით მკურნალობა მიესაჯა

თელავში, ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ სანდრო მეტრეველს თელავის რაიონულმა სასამართლომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 4 წლით მკურნალობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ თელავის რაიონულ სასამართლოში დაუდასტურეს.
აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ ექსპერტიზის იმ დასკვნის საფუძველზე მიმართა, რომლის მიხედვითაც, 19 წლის სანდრო მეტრეველი შეურაცხადია და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება.
მოსამართლე მამუკა წიკლაურის გადაწყვეტილებით, სანდრო მეტრეველს ხონის სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ.
შეგახსენებთ, რომ გელა ლამაზოშვილი და მაია ჯავახიშვილი თელავში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს შენობის ეზოში 30 დეკემბერს მოკლეს. ბრალდებული სანდრო მეტრეველი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები